საპროტესტო აქცია

სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების მორიგი აქცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სტუდენტების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტის და იმ ადამიანების დასჯის მოთხოვნით გამოვიდნენ, რომლებიც მათი თქმით, ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პატიმრების წამებაში დამნაშავე არამხოლოდ რიგითი ბადრაგები, არამედ მსჯავრდებულების არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა მინისტრებიც უნდა დაისაჯონ. დღევანდელ აქციაზე თბილისელი სტუდენტების გარდა, იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც.

სახელმწიფო უნივესიტეტთან გამართულ აქციაზე ინციდენტიც მოხდა. ორმა სტუდენტმა სხეული დაისერა და მაისურზე სისხლით დააწერა - "მე მიყვარს პოლიცია". მათი განცხადებით, ამ ქმედებით სურთ, უფრო თვალსაჩინო გახადონ, თუ რამდენად დიდ ზეწოლას განიცდიან და განიცდიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები.

ამ დროისთვის სტუდენტებმა მსვლელობა თავდაცვის სამინისტროსკენ გააგრძელეს, სადაც ისინი მათი თქმით, მინისტრ დიმიტრი შაშკინისა და მისი მოადგილის, დათა ახალაიას გადადგომას მოითხოვენ. თავდაცვის სამინისტროდან ახალგაზრდები იუსტიციის სახლისკენ აპირებენ მსვლელობის მოწყობას და იქ მოშიმშილე სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას.

 

კომენტარები