სასჯელაღსრულების სისტემა

ომბუდსმენის აპარატი: ამჟამად სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში სიმშვიდეა

მედიით გავრცელებული ინფორმაცია ქსნის ნომერ მეთხუთმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე არ დადასტურდა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმი არ შესულა. პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს და ამჟამად ყველა დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა.

ომბუდსმენის აპარატი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მთელი დღის განმავლობაში ცალკეული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში დესტაბილიზაციის, გარდაცვლილი და ნაცემი პატიმრების შესახებ.

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არეულობა რომელიმე დაწესებულებაში და ზიანი მიაყენოს პატიმრების ინტერესებს.

 

კომენტარები