სასჯელაღსრულების სისტემა

გიორგი ტუღუში: მზად ვარ, გავითვალისწინო ჩემ მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალმა მინისტრმა, გიორგი ტუღუშმა თავისი ახალი თანამდებობის და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. ტუღუშის განცხადებით, იგი მზადაა, გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მის მიერ სახალხო დამცველობისას არის შემუშავებული. მისივე თქმით, პრეზიდენტისგან მინისტრის თანამდებობის შეთავაზება მისთვის მნიშვნელოვანი და მოულოდნელი იყო.

"ომბუდსმენის აპარატმა ბევრი რამ შეძლო, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ პრობლემების ასახვა შევძელით. აქამდე მე არ მქონდა კომპეტენცია, რაღაც გამომესწორებინა. ჩემი თანხმობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ სისტემაში რადიკალური ცვლილებების საშუალება მომეცემა და ყველა პატიმრის უფლებებს დავიცავ. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩემთვის დიდი მოტივაციის მომცემია, ხელი შევუწყო ისეთი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც მინიმუმამდე დავა პატიმრების პრობლემები". - განაცხადა ტუღუშმა.

ახალი მინისტრის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მხრივაც არსებობს პრობლემები.

"მთლიანად აღმოვფხვრი არასათანადო მოპყრობას და ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარებას დავიწყებ. ჩემი პრიორიტეტი იქნება სისტემის გადახალისება და თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამ სფეროში აქტიურია. მინდა, მივიღოთ სისტემა, რომელზეც საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ის უნდა ემსახურებოდეს პირთა რესოციალიზაციას და არა მათი ღირსების შელახვას და საზოგადოებაში ტრავმირებულ დაბრუნებას. პრეზიდენტი სისტემაში სრულ თავისუფლებას დამპირდა, დამჭირდება არაერთი ახალი თანამშრომელი და მზად ვარ, გავითვალისწინო ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩემს მიერ არის შემუშავებული. მზად ვარ, ჩემივე დაწერილი თვითონვე შევასრულო". - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

ახალი მინისტრის თქმით, ასევე აუცილებელია, რომ სასჯელაღსრულების სისტემის დაფინანსება გაიზარდოს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად ყოფილი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში 20 სექტემბერს წარადგინა. ყოფილმა ომბუდსმენმა მინისტრის თანამდებობაზე ხათუნა კალმახელიძე შეცვალა.

 

კომენტარები