ტელეკომპანია მაესტროს დილის ეთერში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ხელისუფლება პატრიარქზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 სექტემბერს, ილია მეორემ პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. განცხადებიდან რამდენიმე წუთში კი პატრიარქს დათა ახალაია და სოსო თოფურიძე ესტუმრნენ.
ლასა ჟვანია აცხადებს, რომ თუ ეს ვიზიტი პატრიარქზე ზეწოლას ისახავდა მიზნად, იგი უშედეგო იყო. ”უშედეგო იმიტომ, რომ მათი სტუმრობიდან ნახევარ საათში გავრცელდა მეორე განცხადება, რომელშიც საპატრიარქო მომხდარს კვლავ გმობს და საზოგადოებას უცხადებს, რომ საზეიმო საეკლესიო დღესასწაულები გადაიდო. მათ სურვილი ჰქონდათ ინფორმაცია მიეწოდებინათ პატრიარქისთვის, რომ სისტემის რეფორმირებას აპირებენ. როგორ აპირებენ რეფორმირებას – უფრო დახვეწილი ცოცხები და ხელკეტები შემოაქვთ თუ რა არის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე სასაუბროდ მივიდნენ. ჩემთვის, პატრიარქთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიას მოსვლა ნიშნავს იმას, რომ პენიტენციურ სისტემას მთლიანად ის და მისი ოჯახი განაგებს – ერთი ძმა შსს-შია, მეორე თავდაცვაში, მამა - მაჟორიტარობის კანდიდატია და არ ვიცი როგორ შინაგანი რწმენით იყრის კენჭს სამეგრელოში. ფაქტია, ეს ოჯახი ერევა პენიტენციურ სისტემაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რა უნდოდა მასთან ერთად გენერალური ინსპექციის უფროს სოსო თოფურიძეს. პენიტენციურ რეფორმებზე სასაუბროდ თავად ამ სისტემის წარმომადგენლები უნდა მოსულიყვნენ”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.




