პენიტენციური სისტემა

ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს. ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ტლევიზიებით გავრცელებულ ვიდეომასალაზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც პატიმართა წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი კადრებია ასახული.

"გლდანის საპყრობილეზე ბოლო რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემების მქონე დაწესებულება პატიმართა უფლებების დარღვევის კუთხით. რამდენიმე კადრმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. სამწუხარო ფაქტია, როდესაც იქამდე არ მივაქციეთ ამ პრობლემას ყურადღება, ვიდრე ეს ვიდეოფირებზე არ გამოჩნდა. ფირზე ჩანს რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირი, თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის ციხის უფროსი, მისი მოადგილე, უსაფრთხოების უფროსი. გარდა იმისა, რომ ისინი სისხლის სამართლის წესით უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, ამას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი პასუხისმგებლობა იმ პირებისა, რომლებსაც, როგორმე შეიძლებოდა კავშირი ჰქონოდა ამ ფაქტთან ან მათი მდუმარე თანხმობით განხორციელებულიყო აღნიშნული ქმედებები". - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

სახალხო დამცველის თქმით, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს #2 დაწესებულებასაც, სადაც ასევე მსგავსი ხასიათის ფაქტები ხდება.

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი კადრები 18 სექტემბერს გავრცელდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ საგანგებო განცხადება პირველად შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, გლდანის მე-8 საპყრობილის რამდენიმე თანამშრომელი წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორცილებდა.

გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულნი არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ძებნაა გამოცხადებული საპყრობილის ოპერატიულ მორიგეზე, ინსპექტორ ვლადიმერ ბედუკაძეზე.

პატიმრების წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები მოგვიანებით "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

კომენტარები