განათლება

Coursera

ახალი ერა უმაღლეს განათლებაში

ენდრიუ ენჯი და დაფნა კოლერი

წლის აპრილში სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა უნივერსიტეტის კურიკულუმის ფარგლებში ლექციების ჩატარება შეწყვიტა. ენდრიუ ენჯის და დაფნა კოლერის ეს საქციელი კოლეგებმა სიგიჟედ ჩათვალეს, ვინაიდან ასეთ შესაძლებლობაზე უარის თქმა გონიერების არცერთ ჩარჩოში არ თავსდებოდა, თუმცა ექსპერიმენტი, რომლის განხორციელებაც აღტყინებულმა მეცნიერებმა დაიწყეს, მათი აზრით, უფრო მეტი იყო, ვიდრე ის, რითიც მანამდე იყვნენ დაკავებულნი… ეს ექსპერიმენტი იყო Coursera, რომელმაც ახალი ერა დაიწყო უმაღლეს განათლებაში.

ენდრიუ ენჯიმ და დაფნა კოლერმა საწყისი კაპიტალის სახით 16 მილიონი დოლარი მოიძიეს და Coursera შექმნეს, პლატფორმა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ მსურველს უფასოდ სთავაზობდა აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების: ბერკლის, სტენფორდის, პენსილვანიის, მიჩიგანის, ვირჯინიის, დიუკის და სხვათა კურსების გავლას. ექსპერიმენტი აპრილში დაიწყო და მცირერიცხოვან კურსებს შორის ენდრიუ ენჯის საგანი, მანქანური სწავლებაც იყო, რომელსაც მანამდე სტენფორდის უნივერსიტეტში კითხულობდა.

ენჯის კურსზე ჯამში 104 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათგან კურსი მეოთხედმა წარმატებით გაიარა, დადებითი ნიშანი მიიღო და დასრულების შესაბამისი სერტიფიკატიც დაიმსახურა. როგორც შემდგომში პროფესორმა ენჯიმ იხუმრა: „სტენფორდის უნივერსიტეტში რომ გამეგრძელებინა მოღვაწეობა, ამ რაოდენობის სტუდენტებისთვის ჩემი საგნის სწავლებას 250 წელი მოვანდომებდი”. Coursera-ს პლატფორმის წყალობით კი ეს 10 კვირის განმავლობაში გახდა შესაძლებელი.

Coursera ინტერნეტპლატფორმაა, რომელიც საუნივერსიტეტო ციკლის ყველა აუცილებელი ელემენტისგან შედგება და სწავლების რეალურ რეჟიმს იმეორებს: თქვენ რეგისტრირდებით სისტემაში, შემდეგ კი ირჩევთ სასურველ საგნებს. თითოეული საგნის კურსი ვიდეოლექციებისა და ინტერაქტიული დავალებებისაგან შედგება. კვირაში ერთხელ საშუალება გეძლევათ გაეცნოთ ვიდეოებს, უყუროთ მაშინ, როცა მოგესურვებათ, შემდეგ კი დანიშნულ ვადამდე მოცემულ დავალებას და სავარჯიშოებს გაართვათ თავი. კვირიდან კვირამდე შესრულებული სამუშაოს მიხედვით ქულებს დააგროვებთ და ბოლოს თუ აუცილებელ ზღვარს გადალახავთ, ნიშანსაც მიიღებთ.

ექსპერიმენტული ფაზა ივნისში დასრულდა, რის შემდეგაც დაფნა კოლერმა TED.com-ის საშუალებით საზოგადოებას შედეგები გააცნო. აგვისტოს შუა რიცხვებში კი, როდესაც ახალი ონლაინ სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ელექტრონული წერილები დაიგზავნა, მსოფლიოში Coursera მანია დაიწყო. სწორად ამ დროს მიაღწია Coursera-ს მომხმარებელთა რიცხვმა მილიონს და ასარჩევი კურსების რაოდენობამ ასს გადააჭარბა. როგორც ერთმა სტუდენტმა აღნიშნა: „Coursera იქცა ციფრული ერის ონლაინ-ვუდსტოკად, რომლისკენაც ასიათასობით ადამიანი დაიძრა”.

ეს მთლიანად უფასო პლატფორმაა. შემქმნელები ამბობენ, რომ დღესდღეობით ზემოხსენებული უნივერსიტეტებისთვის ამ პროექტში მონაწილეობა პრესტიჟის საკითხია. მათთვის ეს ერთგვარი სარეკლამო კამპანიაა, თუმცა მეორე მხრივ არ გამორიცხავენ, რომ მომავალში Coursera მათი შემოსავლის უმთავრესი წყარო გახდეს. მაგალითისთვის, უკვე შემუშავებულია ე.წ. Freemium მოდელი, რაც ონლაინლექციებს და ინტერნეტით ცოდნის მიღების უფასო სისტემას გულისხმობს, თუმცა კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თუკი ვინმეს ამის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა მოუნდება, რამდენიმე ათეული დოლარის გადახდა მოუწევს.

Coursera-ს ავტორები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. დღესდღეობით ინტერნეტის მომხმარებელთა რამდენიმემილიარდიან არმიაში 600 მილიონია ისეთი, რომელსაც ე.წ. სწრაფი ინტერნეტი აქვს და ვიდეოსტრიმინგის მიღებაც შეუძლია. დაფნა კოლერი ამბობს, რომ ეს ადამიანები Coursera-ს პოტენციური მომხმარებლები არიან, ანუ ისინი, ვისაც ამ კურსების გავლის დიდი სურვილი ჰქონდა და მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორის გამო ამას ვერ ახერხებდა. დღეს უკვე სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება. ნუ გაუშვებთ შანსს, თქვენც სცადეთ და დარეგისტრირდით: www.coursera.org

 

კომენტარები