სექტემბერს, პრეზიდენტობის რესპუბილკელი კანდიდატის მიტ რომნის პრესკონფერენციის დაწყებამდე, ჩართულმა მიკროფონმა, შემთხვევით, შეკრებილი ჟურნალისტების საუბარი ჩაიწერა. ვიდეო-ჩანაწერი ინტერნეტით გავრცელდა. საუბარში CBS-ის რეპორტიორი და კიდევ ერთი დაუდგენელი ვინაობის ჟურნალისტი მონაწილეობენ. მასში ნათლად ისმის, რომ პრესის წარმომადგენლები კოორდინირებას ცდილობენ და ერთმანეთს უთანხმდებიან, თუ რა შეკითხვა უნდა დაუსვან რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს.
CBS-ის რეპორტიორი და მეორე ჟურნალისტი ერთმანეთში თანხმდებიან, რომ იმისდა მიუხედავად, თუ ვის მოუწევს კითხვის დასმა, ის ასე უნდა ჟღერდეს: „კვლავ იცავთ საკუთარ განცხადებას, თუ ნანობთ მას?“ - ამ უკანასკნელი პასუხის შემთხვევაში, ჟურნალისტები მომდევნო კითხვის ფორმასაც გეგმავენ.
საქმე ეხება რომნის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ობამას ადმინისტრაცია მწვავედაა გაკრიტიკებული, 11 სექტემბერს კაიროში ანტი-ამერიკულ გამოსვლებისას გავრცელებული პირველი განცხადების გამო. ხსენებული პროტესტის გამომწვევი ამ ჯერზე ინტერნეტით გავრცელებული ფილმი ,,ისლამის უწყინარობა’’ გახდა, რომელიც ამერიკელმა მოყვარულმა კინემატოგრაფებმა გადაიღეს. კაიროში აშშ-ს საელჩოს განცხადება ასე ჟღერდა: „კაიროში აშშ-ს საელჩო გმობს შეცდომაში შეყვანილი ცალკეული პირების მიერ გამუდმებულ მცდელობებს, შეურაცხყონ მუსლიმთა რელიგიური გრძნობები“.
საელჩოს განცხადებიდან მეორე დღეს, 12 სექტემბერს თავდასხმა აშშ-ს საელჩოზე უკვე ლიბიაში განხორციელდა და მას აშშ-ს ელჩი და საელჩოს სამი თანამშრომელი ემსხვერპლა.
12 სექტემბერსვე გავრცელდა რომნის განცხადება, რომელზეც პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტები საუბრობენ: „სამარცხვინოა, რომ ობამას ადმინისტრაციის პირველი პასუხი არ იყო ჩვენს დიპლომატიურ მისიაზე მომხდარი თავდასხმების დაგმობა, არამედ ეს იყო სიმპათიის გამოხატვა ამ თავდასხმების ავტორთა მიმართ.“
თავად ობაბამ ლიბიაში მომხდარი თავადსხმის შემდეგ შეშფოთება გამოთქვა და ასეთი კომანტარი გააკეთა: ,,ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერ რელიგიურ შეხედულებებს პატივს სცემს, თუმცა, ჩვენ ცალსახად ვგმობთ ძალადობას, რომლის შედეგად ჩვენი დიპლომატები დაიღუპნენ.’’
მოგვიანებით აშშ-ს პრეზიდენტმა რომნის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი CBS-ისთვის და ის ეროვნული ტრაგედიის პოლიტიზებაში დაადანაშაულა, ასევე აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, რომნის „ახასიათებს ჯერ სროლა და შემდეგ დამიზნება“.
საქმე ისაა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ მალევე უარყო კავშირი კაიროში თავისივე საელჩოს განცხადებასთან, რომელსაც მრავალი უარყოფითი გამოხმაურებეა მოყვა გამოხატვის თავისუფლების პრინციპის შებღალვის გამო: „კაიროს საელჩოს განცხადება არ იყო შეთანხმებული ვაშინგტონთან და არ ასახავს შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს“ - განაცხადეს ადმინისტრაციაში.
ამ ფონზე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეთანხმება ბევრმა რომნის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებად ჩათვალა, მედია კი - ობამას სასარგებლოდ მიკერძოებულად.
თავის მხრივ, მაგალითად, National review ჟურნალისტებს იმისთვის აკრიტიკებს, რომ ლიბიასა და ეგვიპტის ამბებზე საუბრისას, პრეზიდენტობის კანდიდატის მისამართით დასმული შეკითხვები, მათ შორის, ზემოთ ნახსენები დაგეგმილი შეკითხვა - ეხება არა საგარეო კურსს, არამედ მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს: ამ პრესკონფერენციაზე კითხვების უმრავლესობა რესპუბლიკელის მიერ ადმინისტრაციის კრიტიკას ეხებოდა და მხოლოდ ერთი მათგანი - რომნის უშუალო ხედვას, თუ რას იზამდა თავად, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.




