რუსეთი

რუსული მედია: პუტინის რეიტინგი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 20%-ით შემცირდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეიტინგი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 20%-ით შემცირდა. Kommersant-ის ინფორმაციით, ამაზე რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვა მოწმობს.

გამოცემის ცნობით, 2002 წელს გამოკითხულ რესპოდენტთა 79%-ს პუტინის შესახებ მთლიანობაში დადებითი შთაბეჭდილება ჰქონდა, 2012 წლისთვის კი გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება, 59%-მდე შემცირდა. იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფედერაციის პირველ პირზე მთლიანობაში უარყოფითი აზრის არიან, 8%-დან 22%-მდე გაიზარდა.

ამასთან, შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვიც, ვინც რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობით კმაყოფილნი არიან და აგრეთვე, მათიც, ვინც აღნიშნულ პოსტზე პუტინის კანდიდატურას უჭერს მხარს.

Kommersant-ის ცნობით, პოლიტოლოგ დმიტრი ორლოვის შეფასებით, 2012 წელს ”პუტინის მითმა მოქმედება შეწყვიტა, როდესაც რუსეთის მოსახლეობა მას აღიქვამდა როგორც გმირს, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრა შეეძლო.”

სოციოლოგ ლეონტი ბიზოვის შეფასებით, პუტინის ძალაუფლება დიდი ხნის განმავლობაში იმაზე იყო დაფუძნებული, რომ მას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აღიქვამდა როგორც ”ნაკლებ ბოროტებას”. სოციოლოგის თქმით, პუტინს საკუთარი პერსონისადმი ხალხის სიყვარულის დაბრუნება ისეთი აქციების საშუალებით, როგორიც მაგალითად წეროებთან ერთად ფრენაა, არ გამოუვა.

რუსი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ფედერაციის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი მკაცრი რიტორიკა და მის მიერ კანონმდებლობის გამკაცრება ქვეყნის კონსერვატიული უმრავლესობის მხარდაჭერის მიღების მცდელობაა.

 

კომენტარები