აშშ

ბარაკ ობამამ მით რომნი გააკრიტიკა

ქალაქ შარლოტში გამართულ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდეტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იგი იღებს დემოკრატების ოფიციალურ შეთავაზებას საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ. ქვეყნის პირველმა პირმა თავის გამოსვლაში ამერიკელ ხალხს მოუწოდა, მას დაწყებული საქმის დასრულების შესაძლებლობა მისცენ.

ობამამ ყრილობაზე პირველი ვადის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორედ არჩევის შემთხვევაში, მას ამერიკელების ოცნებების ასრულების საშუალება მიეცემა.

დემოკრატების კანდიდატმა თავის გამოსვლაში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები, მით რომნი და პოლ რაიანი გააკრიტა. მისი თქმით, ისინი საგარეო პოლიტიკაში გამოუცდელები არიან.

" ვხედავთ, რომ მათ უხეში შეცდომების ეპოქაში ჩვენი დაბრუნება სურთ, რაც აშშ-ის ძვირად დაუჯდა. თქვენ ხომ ვერ შეძლებთ, უწოდოთ ჩვენი ნომერ პირველი მტერი რუსეთს და არა ალ-ქაიდას", - აღნიშნა ობამამ.

გასულ კვირაში ფლორიდაში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მით რომნიმ ქვეყნის მოქმედ პირველ პირს რუსეთთან მიმართებაში რბილი პოზიციისთვის უსაყვედურა. რომნიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი კრემლის მიმართ მეტ სიმკაცრეს გამოიჩენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსვლაში აგრეთვე, დიდი ყურადღება საერთაშორისო არენაზე მოპოვებულ მიღწევებს დაუთმო. ობამამ მთავარ მოვლენად ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია და ავღანეთისდან ჯარების 2014 წლის ბოლოსთვის გამოყვანის გეგმა დაასახელა. დემოკრატიული პარტიის ყრილობის მონაწილეებს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმაც მიმართა და ობამას მიღწევებზე ისაუბრა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბარაკ ობამამ ამერიკელ ხალხში დაკარგა ის პოპულარობა, რომლის საშუალებითაც იგი 2008 წელს პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს. ამის მიზეზად ეკონომიკის სფეროს მდგომარეობა და ქვეყანაში გაზრდილი უმუშევრობა (8,3 პროცენტი) სახელდება.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატების კანდიდატის გამოსვლა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 74 ათას ადამიანზე გათვლილ მოედანზე, თუმცა მოგვიანებით გამოსვლა 15 ათას კაციან მოედანზე გადაიტანეს.

უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ორივე პარტიის კანდიდატს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს.

 

კომენტარები