ოლიმპიური თამაშები

უკეთ, ვიდრე პეკინში?

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი

XXX ოლიმპიური თამაშები საქართველომ 7 მედლით დაასრულა. ლონდონში ქართველმა სპორტსმენებმა ოქრო და სამ-სამი ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს.

20 წლის ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედალს დაეუფლნენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი და თავისუფალის ფალავნები – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დავით მოძმანაშვილი, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი კიდევ ერთი „კლასიკოსი” მანუჩარ ცხადაია და „თავისუფლები”, დავით მარსაგიშვილი და გიორგი გოგშელიძე შედგნენ.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეს მსაჯებმა ბრინჯაოს მედალი წაართვეს. ასევე გავიხსენოთ მისი ნახევარფინალური ორთაბრძოლა – არბიტრების არაკეთილსინდისიერი საქციელი რომ არა, ეგებ, საერთო აქტივს ოქრო ან ვერცხლი შემატებოდა, მაგრამ ახლა ასეთი საუბარი უადგილოა.

რაც იყო, იყო: ჩვენმა გუნდმა პირველად მოიგო 7 ოლიმპიური ჯილდო. ეს არნახული შედეგია. ასევე პირველად მოხდა, რომ საქართველომ მთავარ სპორტულ ფორუმზე ყველა სინჯის მედალი აიღო. ესეც ძალიან კარგია. აქედან გამომდინარე, ძნელია ლონდონი 2012-ზე ჩვენი სპორტსმენების გამოსვლა უარყოფითად შეაფასო, მაგრამ არაერთი მნიშვნელოვანი მინუსის გამო, იმის თქმაც ძნელია, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზი – უკეთ, ვიდრე პეკინში – გამართლდა.

საერთო შეფასებისას დადებითთან ერთად უარყოფითიც გასათვალისწინებელია: არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები 39-ე ადგილზე გავიდა (მექსიკასთან ერთად), არადა, ოთხი წლის წინ, პეკინში 27-ე იყო. შეგახსენებთ: 2008 წელს სამჯერ ვიზეიმეთ ოლიმპიური ოქრო და ამდენჯერვე გავიხარეთ ბრინჯაოთი.

ის, რომ ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფი მოულოდნელობა იყო, ქართული სპორტის მესვეურებმაც აღიარეს და ძიუდოს სპეციალისტებმაც. რომ არა ლაშას დიდებული ასპარეზობა – მან 5 ორთაბრძოლიდან 4 სუფთად მოიგო და მთელი ტურნირის მანძილზე ქულა არ დაკარგა – ჩვენი ძიუდოისტების გამოსვლა ერთი სიტყვით შეფასდებოდა: კატასტროფა. არადა, ავსტრიელი პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილი ნაკრები ჩვენი ოლიმპიური გუნდის ერთგვარი „დამრტყმელი ძალა” იყო – ძიუდოისტებისგან არათუ მედლებს, ერთ-ორ ოქროს ყველა ელოდა. ამავე გუნდს უკავშირდება უსიამოვნებაც, თამაშების დასაწყისში რომ გახმაურდა და ჩვენს ოლიმპიურ გუნდს პლუსად ვერანაირად ჩაეთვლება: ბოლო წამებზე უცნაური წაგების შემდეგ ბეთქილ შუკვანმა ოლიმპიური სოფელი დატოვა და თბილისში დაბრუნდა, კოალიცია ქართულ ოცნებას შეკედლებულმა კი განაცხადა, რომ ქართული სპორტის რამდენიმე მაღალჩინოსანი მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მერაბ თურქაძის ამბავსაც. ქართველი მოკრივე დილის აწონვისას დაშვებულზე 700 გრამით მძიმე აღმოჩნდა! საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის თქმით, თურქაძეს საღამოს აწონვაზე პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ვახშმის შემდეგ მოუმატია...

ზოგადად, თვალშისაცემია არცთუ სასიამოვნო ტენდენცია: წლიდან წლამდე მცირდება სპორტის იმ სახეობათა რიცხვი, სადაც არათუ ოქროს, ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი გვაქვს. მაგალითად, პეკინში ძიუდო-ჭიდაობების გარდა ტყვიის სროლაშიც გვყავდა მედალოსანი. ჩვენი ნაკრების მედროშის, ნინო სალუქვაძის გამოსვლის არ იყოს, იმედგაცრუება ეთქმის ძალოსანთა ასპარეზობასაც. თუ რამდენიმე წლის წინ სპორტის ამ სახეობაში ოქროს მედალი იგეგმებოდა (გვყავდა კიდეც ჩემპიონი), ამჯერად პრიზიორობაც სანატრელი გაგვიხდა.

მძლეოსნობაზე, ბატუტის ხტომაზე, ჩოგბურთზე, მშვილდოსნობაზე, ველოსპორტზე, ცურვასა და სხვა სახეობებზე, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა იასპარეზეს, არაფერს ვამბობთ. ამ მხრივ ჯერაც ოლიმპიური პრინციპის ერთგულნი ვრჩებით – მთავარია, რომ ვმონაწილეობთ.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად მედლების სარეკორდო რაოდენობისა, „უკეთ, ვიდრე პეკინში”, ვფიქრობთ, არ გამართლდა.

 

კომენტარები