პრემიერ მინისტრი

საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თორნიკე გორდაძესთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრა.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შტეფან ფულეს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან. აგრეთვე, დაგეგმილია მერაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე.

დღეს შტეფან ფულემ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა  საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „გადამწყვეტი’’ იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროკავშირი–საქართველოს „მომავალი ურთიერთობების ხარისხსა და ინტენსივობას’’ განსაზღვრავს.

ფულემ და ეშტონმა ერთობლივ განცხადებაში ორივე მხარეს, საქართველოს მთავრობასაც და ოპოზიციასაც მოუწოდეს „გააგრძელონ მშვიდობიანი, მოქმედებისთვის ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს და ასევე ჯანსაღი მედია გარემოს უზრუნველყოფა’’.

 „შეშფოთებული ვართ მზარდი პოლარიზაციითა და დაძაბულობით  – არჩევნები პირველ რიგში უნდა იყოს პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებზე დაფუძნებული’’, – ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციასაც, რომ უზრუნველყონ არჩევნების სათანადოდ ჩატარება და, შესაბამისად, მათი ლეგიტიმურობა’’.

,,საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს დაცული და ისე უნდა აღსრულდეს, რომ შენარჩუნდეს საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი ნდობა’’, – განაცხადეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.

,,ყველა პარტიამ და კანდიდატმა ხელი უნდა შეუწყოს მშვიდ და ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და დაძაბულობის გამომწვევი განცხადებებისაგან, რომელსაც შეუძლია ისედაც დაძაბული გარემოს შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს და შედეგებთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინოს’’, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები