რაც მეტ აბორტს გაიკეთებს ქალი პირველი ბავშვის დაბადებამდე, მით უფრო დიდია მომავალში ნაადრევი მშობიარობის რისკი - ასკვნის კვლევა, რომელიც ჟურნალ Human Reproduction-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში, გაანალიზეს ფინეთის მაცხოვრებელი 400 ათასამდე ქალის მონაცემები 1996 წლიდან 2008 წლის ჩათვლით.
აღმოჩნდა, რომ ქალები, რომელთაც სამი ან მეტი აბორტი გაუკეთებიათ, სამჯერ მეტი ალბათობით ნაადრევად, 28 კვირის ორსულობამდე აჩენენ პირველ შვილს. ნაადრევად დაბადებას თან ახლავს ინფექციის, ჰიპოთერმიისა და სიკვდილიანობის მაღალი რისკი.
მედიკოსები ამბობენ, რომ კავშირი აბორტებსა და ნაადრევ მშობიარობას შორის არც ისე მაღალია, თუმცა ქირურგიული აბორტი ინფექციის რისკს ზრდის, რამაც, შესაძლოა, მომდევნო ორსულობებზე იმოქმედოს.




