აშშ

პოლ რაიანი: რესპუბლიკელები ამერიკას სწორ გზაზე დააბრუნებენ

აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატმა პოლ რაიანმა ფლორიდაში, ქალაქ ტამპში გამართულ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მით რომნის მთავრობა ახალ სამუშაო ადგილებსა და სამართლიან საგადასახადო სისტემას შექმნის. მისი თქმით, რესპუბლიკელები ამერიკას „სწორ გზაზე დაბრუნებენ.“

„ჩვენ არ ვაპირებთ ოთხი წლის განმავლობაში სხვების დადანაშაულებას. ვაპირებთ, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გადავჭრათ პრობლემები.“ – აღნიშნა რაიანმა.

პოლ რაიანი წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა. მას ეკუთვნის საბიუჯეტო გეგმა, რომელიც ამერიკის სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმას ითვალისწინებს.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობას სენატორი ჯონ მაკკეინი და აშშ–ის ყოფილი სახელწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მით რომნისა და პოლ რაიანის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებად წარდგენას მხარი დაუჭირეს.

მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი და პოლ რაიანი აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებად ოფიციალურად სამშაბათს წარადგინეს. 

დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომლის კანდიდატიც სავარაუდოდ ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იქნება, მომავალ კვირას ქალაქ შარლოტში გაიმართება.

კომენტარები