არჩევნები 2012

ელჩების ჯგუფი პარტიებს ქცევის წესებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს

ელჩების სამუშაო ჯგუფმა (AWG) პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა ”ეს შენ გეხება” კამპანიის მიერ შემოთავაზებული 17 პუნქტიანი ქცევის კოდექსი დაიცვან, ამასთან ერთად პატივი სცენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებას არჩევნების შესახებ.  

”ელჩების სამუშაო ჯგუფი მოუწოდებს ყველა პარტიას დაიცვას 17-პუნქტიანი ქცევის კოდექსი,  შემოთავაზებული “ეს შენ გეხება” კამპანიის ფარლებში; პატივი სცეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დადგენილ არჩევნების შედეგებს, ისე იმ პროცესს, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, უპირველესად კი OSCE/ODIHR-ის შეფასებით, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს," წერია 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

17 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ, ”ეს შენ გეხებამ” წარმოადგინა ახალი, განახლებული ქცევის წესების კოდექსი, რომელსაც არჩევნების შედეგებზე პარტიათა რეაქცია დაემატა. 

ივლისში ”ეს შენ გეხებამ” წარმოადგინა 17 პუნქტიანი გეგმა, რომელშიც პოლიტიკური პარტიების და სახელმწიფო დაწესებულებების ქცევის წესები იყო გაწერილი. ნაციონაური მოძრაობა შეუერთდა ეს შენ გეხებას პრინციპებს, თუმცა მის მიერ 2 დღით ადრე წარმოდგენილი 4 პუნქტის დამატებაც ითხოვა. მმართველი პარტიის პრინციპებში ერთ-ერთი პუნქტი ცესკოს გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმურად ცნობა იყო.  ქართული ოცნება არ დაეთანხმა ამ პუნქტს, თუმცა თქვა რომ ”ეს შენ გეხებას” შემოთავაზებულ 17 პუნქტიან გეგმას შეუერთდებოდა. ამასთანავე ცესკოს შედეგების ლეგიტიმურობის გამოცხადების ნაცვლად, ქართულმა ოცნებამ შესთავაზა პარტიებს ნებისმიერ წარმოჩენილი უთანხმოება არჩევნების შედეგთან დაკავშირებით მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით მოეგვარებინათ.  საბოლოოდ, ნაციონალურმა მოძრაობამაც და ქართულმა ოცნებამაც განაცხადეს, რომ ისინი ეთანხმებიან 17 პუნქტიან საარჩევნო წესების კოდექსს, თუმცა არჩევნების შედეგების შესახებ ქცევის წესებზე ვერ შეთანხმდნენ.

შესაბამისად, ”ეს შენ გეხება” ეცადა, ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების ინტერესები გაეთვალისწინებინა და კოდექსს მეთვრამეტე პუნქტი დაამატა. ტექსტში აისახა მმართველი პარტიის პრინციპი, რომ პარტიებს უარი ეთქვათ სიძულვილის ენის გამოყენებაზე. არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კი გაჩნდა შემდეგი ჩანაწერი: ”საჯაროდ ვაცხადებთ, რომ  ვაღიარებთ ზემოთჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული,  კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს”. 

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერის აუცილებლობას ვერ ხედავს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეუერთდეს ელჩების სამუშაო ჯგუფის ფორმულირებას არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ უპირობოდ შეუერთდნენ იმ ფორმულირებას, რომელიც ელჩებმა შემოგვთავაზეს, ნებისმიერი იმ ფორმით, რომელიც მათ სურთ. ამის გარეშე ნამდვილად ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რა მიზნებს ემსახურება „ქართული ოცნების“ მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში“, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

როგორც თაქთაქიშვილმა Civil.ge-ის განუცხადა, ეს შენ გეხებას ფორმილურება არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით არ არის მისაღები, რადგან ქართულ ოცნებას შეუძლია დღესვე არ აღიაროს არჩევნების შედეგი, იმ მიზეზით რომ თავადვე ბევრჯერ დაარღვია კოდექსში გაწერილი წესები, მათ შორის სიძულვილის ენის მხრივაც. 

 

კომენტარები