ქართული ოცნება რუსთავში 19 აგვისტოს აქციის შარტავას მოედანზე გამართვას აპირებს. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
როგორც ძიძიგურმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რუსთავის მერიამ ქართულ ოცნებას შეთავაზებულ სამივე ადგილზე უარი უთხრა. პოლიტიკოსის თქმით, კოალიციამ აქციის გასამართად მერიის მიმდებარე ტერიტორია და მეგობრობის გამზირი მოითხოვა. მერიამ ორივე ადგილზე უარი განაცხადა, რადგან, მათი თქმით, მერიის წინ მოედანზე თავად ჰქონდათ დაგეგმილი ღონისძიება, მეგობრობის გამზირზე კი მემორიალის მშენებლობა მიმდინარეობდა. კოალიციამ შარტავას მოედანი მოითხოვა, რაზეც ასევე უარი მიიღო ტრანსპორტის შეფერხებისა და მოსახლეობის შეწუხების თავიდან აცილების მიზნით.
მერიამ კოალიციას აქციის ალტერნატიული ადგილმდებარეობა შესთავაზე, რუსთავის ავტობაზრობის ან რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. კოალიცია არცერთ შეთავაზებულ ადგილს არ დათანხმდა და აქციის გამართვას მაინც შარტავას მოედანზე გეგმავს.
ძიძიგურის მტკიცებით, აქციის გასამართად მერიის ნებართვა არ არის საჭირო და კოალიციამ უბრალოდ უნდა შეატყობინოს ქალაქის მუნიციპალიტეტს თუ სად გეგმავს აქციის გამართვას.
პოლიტიკოსის თქმით, კოალიციამ მერიის ქმედებების შესახებ შეატყობინა უწყებათშორისი კომისიას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და დიპლომატიური კორპუსს.
ძიძიგურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენატარი გააკეთა რუსთავის მერიამ. როგორც მერიის წარმომადგენელმა ნინო კორძაიამ სააგენტო ინტერპრესნიუს განუცხადა, თუ კოალიცია აქციას შარტავას მოედანზე ჩაატარებს, პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს დაეკისრებათ.
მერიის წარმომადგენლის მტკიცებით, კოალიციის წარმომადგენლები აქციის მდებარეობის შესახებ ცნობის შეტანას 11 აგვისტოს ცდილობდნენ, თუმცა რადგან აღნიშნული დღე არასამუშაო იყო, მერიას ცნობა არ მიუღია. ცნობის მიღების შემდეგ, მერია კოალიციას აქციის ალტერნატიულ ადგილს შესთავაზებს. კორძაიას თქმით, კოალიციას სავარაუდოდ მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციული შენობის წინ არსებულ მოედანს შესთავაზებენ. კორძაიასვე თქმით, ქალაქის თვითმმართველობა აქციის ადგილის შესახებ მხოლოდ რეკომენდაციას გასცემს.
19 აგვისტოს აქციაზე ქართული ოცნების რუსთაველი მომხრეები მივლენ. ქვემო ქართლში მცხოვრები კოალიციის მხარდამჭერები მოგვიანებით მარნეულში შეიკრიბებიან.





