ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მორსიმ ქვეყნის დაზვერვის შეფი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზი ის იყო, რომ ეგვიპტის დაზვერვამ ვერ მოახერხა რეაგირება ისრაელის გაფრთხილებაზე შესაძლო თავდასხმების შესახებ. 5 აგვისტოს ისლამისტი ექსტრემისტები სინას ნახევარკუნძულზე ეგვიპტელ მესაზღვრეებს თავს დაესხნენ. თავდასხმას 16 მესაზღვრე შეეწირა. ინციდენტის გამო 7 აგვისტოს ეგვიპტელებმა სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია განახორციელეს. მასში ეგვიპტის საჰაერო და სახმელეთო ძალები და პოლიციაც იღებდნენ მონაწილეობას. ოპერაციას ამერიკისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
დაზვერვის აწ უკვე ყოფილ შეფს მურად მუვაფის მოჰამედ რაფაათ შეჰათა შეცვლის. შეჰათა დაზვერვის ოფიცერია, რომელსაც გავრცეელბული ინფორმაციით, გარკვეული კავშირები აქვს ჰამასთან. მორსიმ დაზვერვის შეფის გარდა, სხვა საკადრო ცვლილებებიც დაგეგმა. 5 აგვისტოს თავდასხმას ჩრდილოეთ სინას გუბერნატორის მოხსნაც მოჰყვა. მორსიმ თავდაცვის მინისტრს ჰუსეინ ტანტავის სამხედრო პოლიციის უფროსის გადაყენებაც მოსთხოვა. სამხედრო პოლიცია 18 თვის წინ მუბარაქის მმართველობის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს არბევდა.
მორსიმ საპრეზიდენტო დაცვის ხელმძღვანელიც გაათავისუფლა. მან გადაწყვიტა კაიროს უსაფრთხოებისა და პოლიციის ცენტრალური უსაფრთხოების სამსახურებსაც უპოვოს ახალი თავკაცები.
საკადრო ცვლილებების შესახებ 7 აგვისტოს ოპერაციების შემდეგ გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, ცვლილებები ახლადშექმნილი ნაციონალური თავდაცვის საბჭოზე გადაწყდა. ორგანოში პრეზიდენტი მორსი, ეგვიპტის არმიის სარდლები და ეგვიპტის დაზვერვის მაღალჩინოსნები შედიან. საბჭოს გადაწყვეტილება მოცემულ საკითხის შესახებ მორსისა და სამხედროებს შორის კონსენსუსზე მიანიშნებს. საბჭოში გადაწყვეტილება უბრალო უმრავლესობით მიიღება, სამოქალაქოებს კი სამხედრო პირები ჭარბობენ.
მიუხედავად იმისა, რომ სინას ნახევარკუნძულზე ისლამისტი ექსტრემისტებისა და საკადრო გადანაცვლებების შესახებ მორსისა და სამხედროების პოზიცია ერთმანეთთან ახლოს იყო, მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ მორსის კიდევ მოუწევს სამხედროების გავლენის შემცირებისა და საკუთარი ძალაუფლების გაფართოებისთვის ბრძოლა.





