ეგვიპტის საჰაერო ძალებმა სინას ნახევარკუნძულზე, ისრაელის საზღვართან, სამხედრო სამიზნეები დაბომბეს, სახმელეთო ჯარის ნაწილებმა კი დასახლებული პუნქტები გაჩხრიკეს. საჰაერო იერიშების ერთ-ერთი სამიზნე პატარა ქალაქი შეიხ ზუვაიდის შემოგარენი იყო, ღაზის სექტორიდან 10 კილომეტრის მოშორებით. 8 აგვისტოს ოპერაციის წინა ღამეს კი დაპირისპირება მოხდა უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ პირებს შორის.
სამხედრო ოპერაციის ჩატარება ეგვიპტელ მესაზღვრეებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გადაწყდა. თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ისლამისტი მებრძოლები იდგნენ. 5 აგვისტოს თავდასხმებს 16 ეგვიპტელი მესაზღვრე შეეწირა. ეგვიპტელ მესაზღვრეებზე თავდასხმის შემდეგ, შეიარაღებული პირები ისრაელში შეიჭრნენ. ისინი ისრაელის ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.
5 აგვისტოს ინციდენტი იყო ყველაზე სისხლიანი შეტაკება 1979 წლის შემდეგ, როდესაც ეგვიპტემ ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა. ამ ხელშეკრულებამ ორ ქვეყანას შორის მტრობა დაასრულა.
ეგვიპტეში 2011 წელს ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, სინას ნახევარკუნძულზე ისლამური ექსტრემიზმი გამოცოცხლდა. ექსტრემისტული ჯგუფების გამოცხადებული მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა.
ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი, რომელიც ზომიერ ისლამისტ პოლიტიკოსად ითვლება, ისრაელის დაჰპირდა, რომ სინას რეგიონში სამთავრობო კონტროლს დაამყარებდა. ისრაელს დისკომფორტს უქმნის ის ფაქტიც, რომ პოსტმუბარაქისეული ეგვიპტე ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს დაუახლოვდა. ისრაელმა ეგვიპტის სამხედრო ოპერაცია დადებითად შეაფასა.





