Pussy Riot-ის წევრებს, რომლებსაც ბრალი ხულიგნობაში ედებათ (მათ მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ე.წ. პანკ-ლოცვა - ”ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი” - ჩაატარეს), სასამართლო განაჩენს 17 აგვისტოს გამოუტანს. სხდომა 15.00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ მოსამართლემ მარინა სიროვამ განაცხადა.
ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკოლაი პოლოზოვის განცხადებით, ნებისმიერი სასჯელი არაკანონიერი იქნება, რადგან ჯგუფის წევრების ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. დამცველები ამბობენ, რომ მათი გასამართლება მხოლოდ იმ მუხლითაა შესაძლებელი, რომელიც მოქალაქეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას გულისხმობს.
8 აგვისტოს სხდომაზე ნადეჟდა ტოლოკნიკოვამ, მარია ალეხინამ და ეკატერინა სამუცევიჩმა განაცხადეს, რომ უდანაშაულოები არიან, ამასთან, ხაზი გაუსვეს იმას, რომ მათი ქმედება არა რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. მარია ალეხინამ ისიც თქვა, რომ ჯანსაღ საზოგადოებაში ამგვარი სასამართლო პროცესის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
პანკ ჯგუფის წევრებს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა ემუქრებათ.





