ხსოვნის კვირეული

ხსოვნის კვირეულის ფარგლებში ეროვნულ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით გამართული ხსოვნის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო ცენტრი გამოფენას `საქართველოს მოპარული ისტორია’ წარმოგვიდგენს, სადაც დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოსა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მასალები.

გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც გვიჩვენებს საქართველოს რეალობას 1921 წლამდე. ასევე აქ შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალების ნახვაც, რაც ექსპოზიციის სტუმრებს უფრო ახლოს გააცნობს გასაბჭოების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ფოტო და წერილობით დოკუმენტებთან ერთად, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ის კინოკადრებიც იხილონ, რომელიც საქართველოს გასაბჭოებამდეა გადაღებული.

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოფენაზე 1921 წლამდე საქართველოში გამოცემული უცხოენოვანი გაზეთების ორიგინალები გამოიტანა.

გამოფენა ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ხსოვნის კვირეულის დამთავრებამდე, თორმეტ აგვისტომდე გასტანს.

კომენტარები