პროკურორმა ალექსი ნიკიფოროვმა Pussy Riot-ის წევრებისთვის საერთო რეჟიმის კოლონიაში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. Pussy Riot-ის 3 წევრ გოგონას ეკლესიაში შესრულებული სიმღერის გამო ასამართლებენ.
ნიკიფოროვმა მოსკოვის სასამართლოს მიმართა, რომ გოგონების საქციელი სიძულვილისა და მტრობის გამომხატველი იყო. პროკურორის განმარტებით, ეკლესიაში უშვერი სიტყვების გამოყენება ღმერთის შეურაცხყოფაა.
24 წლის მარია ალიოხინა, 22 წლის ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და 29 წლის ეკატერინა სამუტსევიჩი 21 თებერვალს მოსკოვის კათედრალში შეიჭრნენ. მათ სიმღერით მოუწოდეს ღვთისმშობელს რუსეთი პუტინისგან გაეთავისუფლებინა. გოგონებს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ. თუმცა პუტინის განცხადების შემდეგ, რომ გოგონები მკაცრად არ უნდა განესაჯათ, პროკურორი 3 წელს დასჯერდა.





