ვისკონსინის შტატში, ქალაქ მილუოკის გარეუბანში სიკჰების ტაძარში ატეხილ სროლას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 5 აგვისტოს დილით, შეიარაღებული პირი ტაძარში შეიჭრა და სროლა ატეხა. მან 6 ადამიანი იმსხვერპლა, ერთი პოლიციელი და კიდევ ორი ადამიანი კი მძიმედ არიან დაჭრილი. დაღუპულთა შორისაა ტაძრის პრეზიდენტი და სასულიერო პირი. ინციდენტს თავად თავდამსხმელიც შეეწირა. ის შემთხვევის ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა მოკლა.
პოლიციამ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეჭვმიტანილის სახლი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელის მოტივი. სიქჰთა ორგანიზაციების განცხადებით, ისინი ასეთ თავდასხმებს ჯერ კიდევ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ელოდნენ. მათი თქმით, მრავალ ადამიანს სიქჰები თალიბანში ან ბინ ლადენის მომხრეებში ერევა. 5 აგვისტოს ინციდენტის თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელს 11 სექტემბრის ტერაქტების აღმნიშვნელი ტატუები ჰქონდა.
შედარებით მცირე მასშტაბის თავდასხმები სიქჰებზე ადრეც მომხდარა, მიზეზი კი ის იყო, რომ თავდამსხმელებს ისინი მუსლიმები ეგონათ. სიქჰები, რომლებიც რელიგიურ ტრადიციებს მისდევენ, ყოველთვის ატარებენ თავსაბურავს, რაც მათ ხშირად ეჭვის ობიექტად აქცევს.
სიქჰიზმი მონოთეისტური რელიგიაა და სათავეს ინდოსტანის ნახევარკუნძულიდან იღებს. ვისკონსინის შტატში სიქჰების 3,000-მდე ოჯახი ცხოვრობს. ქალაქ მილუოკიში მათ ორი ტაძარი აქვთ.





