უკანონო შემოწირულობები

ჩხარტიშვილი დაჯარიმებული მოქალაქეების ქონების შესყიდვას აპირებს

ლონდონში მყოფი ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აუქციონზე, უკანონო შემოწირულობებისთვის დაჯარიმებული პირების ქონების შესყიდვას აპირებს. როგორც ბიზნესმენის განცხადებაშია ნათქვამი, მან ეს გადაწყვეტილება მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვის გაცნობის შემდეგ მიიღო, რომელმაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სასამართლოს მიერ დაყადაღებული ბინებისა და სხვა ქონების შესყიდვა და მფლობელებისთვის დაბრუნება სთხოვა.

ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მას არაერთმა ემიგრანტმა მიმართა, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, გაეღოთ სახსრები ქართველების დასახმარებლად. „სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ადამიანებს მათი მიზნის განხორციელების საშუალება ტექნიკური მაქინაციებით მოუსპო. აღნიშნულის გამო, გადავწყვიტე, მივიღო მონაწილეობა აუქციონში, რათა შევისყიდოთ და შემდგომ მეპატრონეებს დავუბრუნოთ აუქციონზე უსამართლოდ გატანილი საცხოვრებელი ბინები. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება საბოლოოდ არ დაკარგავს სახეს, ხელოვნური ბარიერებით კვლავაც არ შეეცდება ხელის შეშლას და უსახლკაროდ არ დატოვებს ისედაც უსამართლოდ დაჩაგრულ ქართულ ოჯახებს, რომელთა ბინების გამოსასყიდად, აგერ უკვე მეორე დღეა, ფულს მირიცხავენ ქართველი ემიგრანტები,“ - ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე გაიტანა პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობაში დადანაშაულებული 17 პირის ქონება. მათ შორის ერთი მოქალაქე დაჯარიმდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულიბისთვის, ოთხი - თავისუფალი საქართველოს, 7 - ეროვნული ფორუმის, 4 - კონსერვატიული პარტიის და ერთი - ქართული ოცნების სასარგებლოდ შემოწირულობისათვის.

აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, ქონების ნაწილის გაყიდვა დღეს დასრულდება, ნაწილის კი 6 აგვისტოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ მთავარმა პროკურატურამ ვანო ჩხარტიშვილი ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა - გამოძიების ვერსიით, ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებულმა პირებმა თანხები გადაურიცხეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფონდ ქომაგში იყვნენ რეგისტრირებულნი. მაშინ ჩხარტიშვილმა ქართულ ოცნებასთან და თანხების გადარიცხვასთან რაიმე კავშირი უარყო.

 

კომენტარები