სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

ნიმერ 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო იუწყება.

სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულს, რომლის ვინაობასაც უწყება არ ასახელებს, 2012 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვა/ რეალიზაციისთის პატიმრობა მიუსაჯა.

"მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულ ე.გ.-ს უეცრად განუვითარდა, სავარაუდოდ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, რის გამოც პაციენტს მყისიერად დაეწყო ადეკვატური მკურნალობა და სასწრაფო წესით გადაყვანილ იქნა №18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მედპერსონალის მიერ გაუგრძელდა რეანიმაციული ღონიძიებები, მაგრამ სამწუხაროდ დადგა ლეტალური შედეგი", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულ ე.გ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 1 აგვისტოს, ისევე, როგორც სისტემაში დაფიქსირებულ ნებისმიერ გარდაცვალების ფაქტზე, მყისიერად დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

"ვინაიდან უკანასკნელ პერიოდში, ცალკეული სუბიექტების მიერ განსაკუთრებით გახშირდა ზემოაღნიშნული სახის სამწუხარო ფაქტებით მიზნობრივი სარგებლობა და დეზინფორმაციის გავრცელება, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ არ მოხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ზემოაღნიშნული ფაქტის წინასწარი შეფასება და არცერთი სუბიექტი არ ისარგებლებს იმ გარემოებით, რომ კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე სამინისტრო არ არის უფლებამოსილი გაავრცელოს უფრო დეტალური ინფორმაცია", - აცხადებენ სამინისტროში.

 

კომენტარები