ბრიტანეთში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საავადმყოფოებში ექიმების შეცდომის გამო წელიწადში 12,000-მდე პაციენტი იღუპება. ასეთია ბრიტანეთის ისტორიაში საავადმყოფოებში გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ჩატარებული უმსხვილესი კვლევის შედეგი.
ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მკვლევარებმა სხვა ექსპერტებთან ერთად შენიშნეს, რომ მათი პაციენტების 13% საავადმყოფოებში მკურნალობისას დაიღუპნენ. აღმოჩნდა, რომ ექიმების შეცდომა ამ შემთხვევათა მხოლოდ 5.2 პროცენტში იყო დამნაშავე. მაგრამ ერთ წლის ჯამში, ინგლისის საავადმყოფოებში ექიმთა შეცდომებს 11,859 ადამიანი შეეწირა.
კვლევის ავტორების განცხადებით, საავადმყოფოს მედპერსონალის შეცდომები მარტივ პროცედურებსაც მოიცავდა, მაგალითად წნევის გაზომვას ან თირკმლების ფუნქციონირების მონიტორინგს. ექიმები პაციენტისთვის წამლების გამოწერისას არც შესაძლო გვერდით მოვლენებს აქცევდნენ ყურადღებას.
კვლევა ექიმების დაუდევრობის შედეგად დაღუპული პაციენტის შემთხვევებსაც აღწერს. ერთ-ერთის მიხედვით, შუახნის მამაკაცს კისრიდან სიმსივნე ამოაჭრეს. პაციენტს ინფექცია შეეჭრა, ექიმებმა კი ანტიბიოტიკებით დაუწყეს მკურნალობა. თუმცა გარდაცვალებამდე ვერ შენიშნეს, რომ მეთოდი შედეგს არ იძლეოდა.
ექიმთა შეცდომების შედეგად დაღუპული პაციენტების უმრავლესობა ასაკოვანი ადამიანები იყვნენ, რომელთაც ერთზე მეტი დაავადება სჭირდათ. თუმცა ზოგიერთი გარდაცვლილი 40 წელზე ნაკლები ასაკის იყო. კვლევამ დაადგინა, რომ უმცროს ექიმებს სჭირდებათ გამოცდილი ექიმების ზედამხედველობა საავადმყოფოში მოხვედრილი ადამიანის მდგომარეობის შესაფასებლად. აგრეთვე აღმოჩნდა, რომ აქტიურ მკურნალობაზე მეტად შეცდომები დაუდევრობითა და დავიწყებით არის გამოწვეული. კვლევა 2009 წელს 10 ბრიტანულ საჯარო საავადმყოფოში 1,000 გარდაცვლების შემთხვევაზე არის დაფუძნებული.





