სირიის კრიზისი

კოფი ანანმა ბაშარ ასადთან მოლაპარაკებები გამართა

სირიის საკითხში გაეროს და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელმა კოფი ანანმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პირველ პირთან დიალოგს ”კონსტრუქციული და ღია” უწოდა.

მისი თქმით, დამასკოში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სირიაში ძალადობა და შეარაღებული დაპირისპირებები უნდა შეწყდეს.

BBC-ის ინფორმაციით, გაეროს საგანგებო წარმომადგენელსა და სირიის პირველ პირს შორის გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა სამშვიდობო პროგრამის შესრულების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საკითხები იყო. მშვიდობიანი გეგმა, რომელიც სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების შეწყვეტას ითვალისწინებს, ჯერ კიდევ აპრილში უნდა ამოქმედებულიყო.

სირიის კრიზისი და ქვეყნის შიდა ძალებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი უკანასკნელი 16 თვის განმავლობაში გრძელდება. დაპირისპირებას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

უცხოური მედიის ცნობით, 300-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი, რომლებიც სირიაში გაეროს სამშვიდობო მისიას ახორციელებენ, ქვეყანაში არსებული სისხლისღვრის გამო უკანასკნელ დღეებში თავიანთ სამუშაოს ვერ ასრულებენ.

კომენტარები