ჩინეთი

აღმავალი ჩინეთი მეზობლებს სულ უფრო ავიწროებს

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განლაგებული კუნძულების გარშემო ფილიპინებსა და ჩინეთს შორის დავა კიდევ უფრო გამწვავდა. უთანხმოების საგანია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე მცირე ზომის კუნძული, სკარბორუს რიფი, რომელიც ჩინეთიდან 1200 კილომეტრით, ხოლო ფილიპინების მთავარ კუნძულ ლუზონიდან 225 კილომეტრითაა დაშორებული.

სკარბორუს რიფი ბრიტანული აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის იმ გემის სახელს ატარებს, რომლის ეკიპაჟმაც ის 1784 წელს შეჯახების შედეგად აღმოაჩინა. რიფი 1960 წლიდან ფილიპინების დროშის ქვეშაა, თუმცა აპრილში ჩინელ მეთევზეთა გემებმა იმ მიდამოებში თევზაობა დაიწყეს. ამის პასუხად, ფილიპინელებმა სამხედრო ხომალდების დისლოკაციით სცადეს ჩინელი მეთევზეებისთვის იმის შეხსენება, რომ ეს მათი ტეროტორიაა. ამან არ გაჭრა და მეტიც, ორი თვის განმავლობაში პეკინმა 20-მდე სამხედრო და სარეწაო გემი განათავსა კუნძულის გარშემო. სიტუაცია ჩიხში შევიდა. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ფილიპინებმა კუნძულის მისადგომებიდან საკუთარი ხომალდები გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც კომუნისტურმა რეჟიმმა სამხრეთ ჩინეთის ზღვა ეროვნული ინტერესის ბირთვად დაასახელა, მისი მოთხოვნები იქ განთავსებულ კუნძულებზე გაიზარდა. ამჟამად პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვის 2/3-ს ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს მიერ საზღვაო ზონების დაყოფას მთავრობა ოფიციალურად თანხმდება, იქ გამოსული რუკები თითქმის მთელ ზღვას თავისი გავლენის ქვეშ აქცევს.

სახალხო რესპუბლიკის განცხადებით, ჩინელი მეთევზეები იქ უკვე საუკუნეებზე მეტია, რაც თევზის რეწვას მისდევენ. ოფიციალური პეკინის თქმით, ასტრონომი გო შუჯინი 1279 წელს, იუანის დინასტიის დროს, კუნძულზე იმპერიის მასშტაბით მიმდინარე ოთხი ზღვის აღწერისთვის იყო გაგზავნილი. თუმცა არცერთი წყაროთი არ დასტურდებოდა, რომ ასტრონომი ნამდვილად სკარბორუს სტუმრობდა. ფილიპინელებს, თავის მხრივ, საკუთარი წყაროები მოჰყავთ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად – 1734 წელს გამოქვეყნებულ კარტოგრაფიულ რუკაზე კუნძული ფილიპინების ნაწილია. ასევე, მკვლევარ ალეხანდრო მალასპინას 1808 წლის აღწერით, კუნძული ფილიპინების კუთვნილებაა.

რიფის მნიშვნელობას საგრძნობლად ზრდის სარეწაო თევზის სიმდიდრე და სავარაუდო ნავთობის მადნის არსებობა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მატერიკიდან 200 საზღვაო მილზე ქვეყნის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა ვრცელდება. ჩინეთი, ფილიპინების გარდა, კუნძულების გამო ვიეტნამთან, ბრუნეისთან და მალაიზიასთანაც დავობს – სახალხო რესპუბლიკას სამხრეთის ზღვის კუნძულების ტურისტულ სამიზნეებად გადაქცევა აქვს განზრახული.

მანილა გამოდის ინიციატივით, რომ აღნიშნული საკითხი განიხილოს საზღვაო სამართლის ხელშეკრულების საერთაშორისო ტრიბუნალმა, რომლის ხელმომწერიც ორივე მხარეა. თუმცა ამ ინიციატივაზე ჩინეთი უარს ამბობს, შიშობს რა, რომ საკითხი ფილიპინებისთვის სასარგებლოდ გადაწყდება.

დაპირისპირების გამძაფრების კვალდაკვალ, პეკინმა სანქციები დაუწესა ფილიპინებს ჩინეთში ხილის ექსპორტზე. მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს და სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ფილიპინური მხარე ხვდება, რომ შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში ჩინეთს დიდი უპირატესობა ექნება და სწორედ ამიტომ, სიტუაციის გართულებას ერიდება – პრეზიდენტ ბენინიო აკინოს თქმით, ფილიპინებს ჩინეთთან სამხედრო კონფლიქტი არ სურს. საპასუხოდ, სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, პრობლემა მხოლოდ მაშინ გადაწყდება, თუ ფილიპინები კუნძულზე სუვერენიტეტს პეკინს დაუთმობს.

ფილიპინები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ითხოვს. დაუზუსტებელია ინფორმაცია, თუმცა ფიქრობენ, რომ იაპონია გეგმავს მანილას 1000 საპატრულო გემი გაუგზავნოს. ფილიპინებმა დახმარება შეერთებულ შტატებსაც სთხოვა. ამერიკასა და ამ ქვეყანას შორის ხომ ორმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულებაა გაფორმებული, თუმცა ობამას ადმინისტრაცია საპასუხო ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებს. ამერიკის მიერ ჩინეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვამ და საერთაშორისო ასპარეზზე მოქიშპე სახელმწიფოსთან დათმობაზე წასვლამ, შესაძლოა, ვაშინგტონის მეგობარ ქვეყნებს აფიქრებინოს, რომ ამერიკა სანდო მოკავშირე არ არის.

 

კომენტარები