ხვალ, 28 ივნისს 20 საათზე, ბამბის და რკინის რიგებს შორის, ოფიციალურად გაიხსნება ქართული კინოს მოედანი. ადგილი, სადაც სამომავლოდ კინოს ჩვენებები და კინოსთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება.
საზეიმო გახსნაზე, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი და „მეიდანგრუპი“ გამართავს, ნაჩვენები იქნება დავით ჯავრიშვილის უცნობი კინოქრონიკა, დოკუმენტური ფილმი „აცეკვებული სვანეთი“.
ეს არის უნიკალური კადრები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. 10-წუთიან დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების სვანეთში გადაღებული კადრები, აქამდე უცნობი ცეკვები, რომელიც ქართული ქორეოგრაფიული სკოლის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და მკვლევარმა დავით ჯავრიშვილმა თავად აღბეჭდა კინოფირზე. საოჯახო არქივში დაცული მასალა 2011 წელს სახელმწიფოს გადაეცა, შემდეგ ეს კადრები კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა, კულტურის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, „ქართული ფილმის“ ხელშეწყობით გაწმინდა, აღადგინა, ციფრულ მატარებელზე გადაიტანა და მუსიკა დაურთო. საღამოს დაესწრებიან ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და ქალაქის მერი გიგი უგულავა.





