Pussy Riot

რუსეთში კულტურის წარმომადგენლები Pussy Riot–ის წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ

რუსეთის კულტურის სფეროს ასზე მეტმა წარმომადგენელმა პანკ-ჯგუფ Pussy Riot - ის წევრების მხარდასაჭერად, რომლებიც ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქციის შემდეგ დააპატიმრეს, ღია წერილს ხელი მოაწერა.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ Pussy Riot – ის წარმომადგენლები და მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე შეჩერდეს ან სისხლის სამართლის საქმეს ადმინისტრაციულის კვალიფიკაცია მიენიჭოს.“ – ნათქვამია ღია წერილში.

ტაგანის სასამართლომ 20 ივნისს ჯგუფის წევრებს ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, ეკატერინა სამუცევიჩს და მარია ალიოხინას, რომლებიც საგამოძიებო იზოლატორში მარტიდან იმყოფებიან, წინასწარი პატიმრობის ვადა 24 ივლისამდე გაუგრძელა. Pussy Riot – ის წევრების წინააღმდეგ საქმე ხულინობის მუხლით არის აღძრული.

გოგონებს ბრალი ხულიგნობასა და რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივებაში ედებათ, 21 თებერვალს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში შესრულებული პანკ-ლოცვისათვის - „ღვთისმშობელო გააგდე პუტინი.“

მიმართვის ტექსტი Эхо Москвы – ის ვებგვერდზეა განთავსებული. ხელმოწერების შეგროვება გძელდება.

 

კომენტარები