საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
დავით ბაქრაძემ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ საოკუპაციო ზოლთან რამდენიმე მეტრში მცხოვრები მოსახლეობისთვის, მძიმეა იმის მოსმენა, რომ ,,ომი საქართველომ დაიწყო’’.
პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას თავის შეკავებისა და საკუთარი პოზიციის მხოლოდ საარჩევნო ყუთებთან დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
,,დემოკრატია გულისხმობს ყველა აზრის მოსმენას, რომ ყველას მიეცეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და ყველამ თავი უნდა ავარიდოთ ნებისმიერ ინციდენტს. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი პოზიცია, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიეცეს ხალხთან შეხვედრის შესაძლებლობა, რომ იყოს თავისუფალი გარემო, საკუთარი ვერდიქტი კი ხალხმა მხოლოდ საარჩევნო ყუთებთან უნდა გააკეთოს.’’-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დღევანდელ ინციდენტს შსს-ც გამოეხმაურა. დეტექტივ გიორგი ბურახაშვილის განცხადებით, მომხდარ ფაქტში მონაწილე პირების მიმართ, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.
გორის რაიონის სოფელ მერეთში ინციდენტი დღეს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერების ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას ჩასვლას მოჰყვა. ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ნეგატიური შეძახილები გაისმა.




