შოუ-ბიზნესი

საფრანგეთის პოლიტიკურმა პარტიამ შესაძლოა მადონას სასამართლოში უჩივლოს

საფრანგეთის რადიკალურმა პარტიამ, ნაციონალურმა ფრონტმა შესაძლოა პოპ–ვარსკვლავ მადონას სასამართლოში უჩივლოს. პარტიის წარმომადგენლები ამერიკელ შემსრულებელს ერთ–ერთ კონცერტზე თავიანთი ლიდერის, მარინ ლე პენის არაკორექტული სურათის გამოყენებისთვის უჩივიან.

France presse – ის ინფორმაციით, მადონას მიერ ისრაელის ტურნეს ფარგლებში გამართულ ერთ–ერთ კონცერტზე მარინ ლე პენის ფოტოსურათი გამოიყენეს, რომელზეც ნაციონალური პარტიის ლიდერი შუბლზე ნაცისტური გერმანიის სიმბოლოთი  - ჯვარით, სვასტიკით იყო გამოსახული.

ნაციონალური ფრონტის ვიცე–პრეზიდენტის, ლუი ალიოს განცხადებით, პარტია გადაწყვეტილებას იმის შესახებ, შეიტანს თუ არა სარჩელს მომღერლის წინააღმდეგ, მას შემდეგ მიიღებს, რაც მადონა პარიზში 14 ივლისს დაგეგმილ კონცერტს გამართავს.

თავად მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ აღნიშნული ჟესტით „დაბერებული მომღერალი“ დამატებითი ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

 

კომენტარები