გაზეთში „ნიუ იორკ თაიმსი“ გამოქვეყნდა ინფორმაცია ე.წ. „შავი სიის“ შესახებ, რომელსაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირადად აკონტროლებს. გაზეთი წერს, რომ ათეულობით ამერიკელი მაღალჩინოსნის ნათქვამის თანახმად, ობამას ადმინისტრაციას გააჩნია ალ ყაიდას იმ წევრების სახელებისგან შემდგარი სია, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატებით ლიკვიდაციას ექვემდებარებიან. ამერიკის სპეცსამსახურები ამ სიას დროდადრო აახლებენ. მასში ქვეყნისთვის ყველაზე საშიში დამნაშავეები არიან შესულნი.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტი პირადად გასცემს ავიდარტყმის ბრძანებას, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება პაკისტანის, სომალისა და იემენის ტერიტორიებს. ამასთან, სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ბედი ეწევა დაჭერილ დამნაშავეს. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სადაზვერვო სამსახურის სპეციალური მონაცემები, დარტყმის ზონაში ყველა სამხედრო ვალდებულების ასაკის მამაკაცი მეომრად ითვლება.
თეთრ სახლს სტატიასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.




