ქართული ოცნება

მაია მიმინოშვილი: თუ ჩემი შვილის შეხედულებების გამო გამათავისუფლეს, ეს კატასტროფაა

გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილმა დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი ლაშა ყანჩაველი "ქართული ოცნების" გუშინდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. მიმინოშვილის განცხადებით, იგი გუშინ საღამოს ტელეფონით ესაუბრა შვილს, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლესთან ერთად კოალიციის მიერ ორგანიზებულ მსვლელობაში მონაწილეობდა.

"ჩემი შვილი არის ზრდასრული ადამიანი, ცხოვრობს ცალკე და თუ მისი გადაწყვეტილება და შეხედულებები არის ჩემი თანამდებობიდან დათხოვნის მიზეზი, ეს არის სრული კატასტროფა. აქამდე ისიც კი არ იცოდნენ, ჩემი შვილი გოგონა იყო თუ ვაჟი და საინტერესოა, ამდენ ადამიანში როგორ შეამჩნიეს მაინც და მაინც ჩემი შვილი. ერთადერთი წყარო ამისა შესაძლოა იყოს ჩვენი სატელეფონო საუბარი", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

მისივე განმარტებით, ცალკეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და დიმიტრი შაშკინს შორის არსებობდა, თუმცა იგი ყოველთვის პირნათლად ასრულებდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საბოლოო ჯამში მინისტრი იღებდა. მიმინოშვილის თქმით, მისთვის უცნობია მისივე შემცვლელის ვინაობა.

გავრცელებული ვერსიით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ მისი ვაჟი გუშინ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობდა.

მიმინოშვილის განმარტებით, დიმიტრი შაშკინს ზემოაღნიშნული ვერსია გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად არ დაუსახელებია.

"ჩემი შეხვედრა მინისტრთან დაახლოებით 2-3 წუთს გაგრძელდა. მან მხოლოდ მითხრა ის, რომ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამით დასრულდა ჩვენი საუბარი და როდესაც ცენტრში დავბრუნდი სამინისტროს მიერ ეს განცხადება უკვე გავრცელებული დამხვდა", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

ამ დროისათვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა უმეტესობა სამსახურის დატოვებას აპირებს. ერთობლივი განცხადება თანამშრომლების მიერ უკვე მზადდება და მოგვიანებით გავრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენი ადამიანი წავა სამსახურიდან. ამ ფორმით თანამშრომლები გამოხატავენ პროტესტს მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან დათხოვნის გამო.

განათლების სამინისტრომ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ განცხადება რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. ოფიციალურ მიზეზად პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობა სახელდება.

 

კომენტარები