ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნება მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას პირველი ივნისიდან დაიწყებს

კოალიცია "ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას პირველი ივნისიდან დაიწყებს. აღნიშნული განცხადება კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, მაჟორიტარების ნახევარზე მეტი უკვე შერჩეულია.

"5 თუ 10 რეგიონი გვაქვს ცოტა რთული, სადაც ჯერ ვერ გამოიკვეთა, ვინ იქნებიან კანდიდატები. დასახელებას დავიწყებთ არაუგვიანეს პირველი ივნისისა. ამ დღეს მაჟორიტარობის პირველ ჯგუფს დავასახელებთ.” - აღნიშნა ივანიშვილმა.

საარჩევნო სიაზე საუბრისას ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, რომ "ნომრებზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა.”

"ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ მე ნომერი არ მექნება. ვნახოთ, როგორი ხასიათი აჯობებს ჩვენი პრეზიდენტის.” - განაცხადა ივანიშვილმა.

პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა აგრეთვე, უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოალიციის საარჩევნო სიაში საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის კანდიდატურაც განიხილება.

"თუმცა თუ ძალიან გაგვიჭირდა, შეიძლება, რაღაც მოხდეს. მეც და პაატაც ყველანაირად ვცდილობთ, რომ ის პოლიტიკის მიღმა დარჩეს.” - აღნიშნა ივანიშვილმა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" მასშტაბური აქციების გამართვას ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში გეგმავს. კოალიციის ლიდერის თქმით, ქუთაისში აქცია 7 ივნისს გაიმართება.

 

კომენტარები