აშშ-ირანი

გენერალი მატისი: ამერიკის სამი უდიდესი საზრუნავი ირანი, ირანი და ირანია

აშშ-ის საზღვაო კორპუსის გენერალმა და ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ჯეიმს მატისმა სპარსეთის ყურეში ავიამზიდი ხომალდების მესამე ჯგუფის დისლოცირება მოითხოვა. გენერალის განმარტებით, ძალის ასეთი დემონსტრირება ირანის მხრიდან ესკალაციის თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდიდა. თუმცა, ობამას ადმინისტრაციამ მისი შემოთავაზება უარყო.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ შემცირებული სამხედრო ხარჯების ფონზე, ამერიკას არ შეუძლია ორი ომის ერთდროულად წარმოება. იანვარში გამოცხადებული სამხედრო სტრატეგიის მიხედვით, აშშ-ის პრიორიტეტი ჩინეთის დაბალანსებაა. შესაბამისად, ამერიკული ფლოტი დიდი მოცულობითაა წარმოდგენილი წყნარ ოკეანეში. გარდა ამისა, 23 მაისს ირანის ატომური პროგრამის დეტალების გამოსააშკარავებლად და ქუმის პროვინციაში ურანის გამდიდრების შესაჩერებლად ბაღდადში ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები დაიწყო. ამ ფონზე, ვაშინგტონი ერიდება სამხედრო ესკალაციას.

ადმინისტრაციისგან განსხვავებით, სამხედროები ირანს გაცილებით დიდ საფრხედ მიიჩნევენ და სპარსეთის ყურეში ამერიკული ხომალდების აუცილებლობაზე საუბრობენ . აშშ-ს საზღვაო ინსტიტუტის დირექტორის, პიტერ დალის აზრით, საზღვაო ოპერაციების მნიშვნელობა ძალიან დიდია და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან უფრო და უფრო რთულდება სახელმწიფოების თანხმობის მოპოვება მათ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განსათავსებლად. ღია ზღვაში კი ასეთი შეზღუდვები არ არსებობს. გენერალი მატისი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამ უდიდეს საზრუნავი ”ირანი, ირანი და ირანია”. შესაბამისად, საკამათოა, თუ რამდენად წაადგება ქვეყნის ინტერესებს პრეზიდენტის უარი სპარსეთის ყურეში ავიამზიდი ხომალდების განთავსებაზე.

ირანული სამხედრო გემები სპარსეთის ყურეში დეკემბრიდან გააქტიურდნენ. საზღვაო სამხედრო ძალების უფროსის ადმირალ ჰაბიბოლა საიარის განაცხადებით, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ისეთივე იოლია, როგორც ”ჭიქა წყლის დალევა.” მსგავსი განცხადებები აშშ-სა და ირანის შორის კონფრონტაციის და რეგიონული ომის რისკსებს ზრდის: ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურის შესასვლელია, საიდანაც მსოფლიო ნავთობის ექსპორტის მესამედი ხორციელდება.

 

კომენტარები