საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მათ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, მედიცინის თვალსაზრისით, საქართველო მალე აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი გახდება. პრეზიდენტი ქვეყნის საკურორტო ზონების განვითარების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, სამედიცინო ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს.
"საქართველოში სამედიცინო სექტორი საგრძნობლად ვითარდება. საქართველოს მასშტაბით, ახლა იხსნება 150 პატარა და დიდი კლინიკა. მაქვს პრეტენზია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე თანამედროვე სამედიცინო სისტემას ვქმნით. თბილისში უკვე გვაქვს რამდენიმე დიდი საავადმყოფო და კორეელები ახლა კიდევ ერთი 200-საწოლიანი დიდი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას იწყებენ, რაც, დაახლოებით, 250–300 მილიონი დოლარი დაჯდება. საქართველოში იქმნება სამედიცინო სექტორი, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ პატარა ქვეყნისთვის 5-მილიონიანი მოსახლეობით; საქართველო ხდება სამედიცინო ცენტრი მთელი რეგიონისთვის, რაც ტურიზმის მსგავსად, დიდ შემოსავალს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას."- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ექიმებთან შეხვედრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა სარეაბილიტაციო კურორტების განვითარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ, ამ მხრივ, ქვეყანას დიდი რესურსი აქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი პროფესიონალი და კვალიფიციური კადრი გაჩნდეს. ამ პროცესში კი, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში მოღვაწე წარმატებულ ექიმებს აქტიური ჩართვა სთხოვა და მათ დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარება შესთავაზა.
მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტის პრესსპიკერის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა ნიუ-იორკს, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოს.
საქართველოს პრეზიდენტი 20-21 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩიკაგოში ნატოს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველო სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ფორმატის შეხვედრის მონაწილე ქვეყანა იქნება.





