არასამთავრობო ორგანიზაციები

,,პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულთათვის'' თანხების შეთავაზება უკანონოა

საქართველოში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ,,პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულთათვის'' თანხების შეთავაზება კანონის დარღვევას წარმოადგენს.

 საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, აგრეთვე კოალიციები - არჩევანის თავისუფლებისთვის და მრავალეროვანი საქართველო, საქველმოქმედო ფონდ ქომაგის დაფუძნებას გამოეხმაურნენ. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია ქართული ოცნების ლიდერები ფონდ ქომაგის სამომავლო გეგმებზე საუბრობენ რაც ფონდის საქმიანობის პარტიასთან ასოცირებას იწვევს.

ფონდ ქომაგის პრეზენტაციაზე, ფონდის თავმჯდომარე ია მეტრეველმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულ პირებს იურიდიულ და ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. ია მეტრეველის თქმით, დაზარალებულები  ყოველთვიურად 1500-დან 5000 ლარამდე დახმარებას მიიღებენ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.

,,საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური მიზნით, როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ (სხვა პირის მეშვეობით) ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ასევე, წინასწარი შეცნობით ასეთ მოთხოვნას ან მიღებას. მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც შესაძოა აღქმულ იქნას ამომრჩევლის მოსყიდვად, ვინაიდან მატერიალური ფასეულობების გადაცემა პოლიტიკური მიზნით წინასდაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე.’’-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ხსენებულმა ქმედებებმა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლოა პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენოს ,,მატერიალური სიკეთის მიმღები’’ პირებიც.

ფონდ ქომაგის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

კომენტარები