გამოფენა

სახელოსნოდან საგამოფენო სივრცეში

პაბლო პიკასოს კერამიკა და მისი ვალორისის სტუდიაც შეიძლება გაგახსენდეთ, თუკი ჩვენსავით თბილისის გარეუბანში, მწვანეში ჩაფლულ სახელოსნოში აღმოჩნდებით ადამიანისთავიანი ჩიტების, თევზების და სფინქსების კერამიკულ ფიგურებში. ოთარ ვეფხვაძის ნამუშევრები მართლაც უკავშირდება პიკასოსა და ვალორისს – ქართველი კერამიკოსი 1982 წელს სწორედ პიკასოს სახელობის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს ვალორისის თანამედროვე კერამიკის საერთაშორისო ბიენალეზე.

მხატვარი პიკასოს კონკურსში გამარჯვებულ ვაზას გვიჩვენებს. ის შამოტისგან – ანუ ცეცხლგამძლე აგურის მასალისგანაა შექმნილი. როგორც წესი, ეს მასალა მძიმე და უხეშია, მაგრამ ოთარ ვეფხვაძე მისგან ყოველთვის ფაიფურივით თხელ და მსუბუქ ნამუშევრებს ქმნის. როგორც თავად ამბობს, ყველაზე მეტად კერამიკის და ფოლადის კომბინაციების კეთება მოსწონს – „ყველა მასალა მიყვარს, რაც ცეცხლთანაა დაკავშირებული”. საკმარისია მის სახელოსნოში მიმოიხედო და ამაში მაშინვე რწმუნდები.

„ეს არის კრისტალური ჭიქური კერამიკა, – ამბობს ცისფერ და მსუბუქ ფინჯანზე, – და ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული მისაღებია.

საერთოდ, ფაიფურის მასალა ჩვენთან არ მოიპოვება და კერამიკოსისთვის ისეთივე ძვირფასი მასალაა, როგორც ფერმწერისთვის უინძორის ან გოიას ცნობილი საღებავები. ამიტომაც ვცდილობ, საკუთარი ტექნოლოგია შევიმუშაო, სხვადასხვა ხელმისაწვდომ მასალაზე ვიმუშაო. მაგალითად ისეთზე, როგორიც შამოტია”.

ამ უცნაური კერამიკული ნივთების ფერები პასტელურია, ერთმანეთში ირევა არქაული, მითოლოგიური, ეტრუსკული კულტურების განწყობა და ფრესკების ესთეტიკა. დეკორატიულ ორნამენტად ხშირად უძველეს ლურსმულ და ქართულ დამწერლობებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, კერამიკაზე ამოტვიფრულ „ვეფხისტყაოსნის” ტექსტებსაც კი იყენებს. ყოველივე ეს კი ღუმელში გამოწვის შემდეგ ორიგინალურ დეკორად იქვცევა. საბოლოო ჯამში, ვიღებთ თანამედროვე კერამიკას, რომელიც მსოფლიოს მრავალ საგამოფენო სივრცესა და კერძო კოლექციებში ხვდება: ნიუ იორკის გალერეაში Express avant-Garde, კერამიკის გამოფენებზე ესენსა და ჰატინგენში (გერმანია), ფაენაცას კერამიკის საერთაშორისო გამოფენაზე იტალიაში, ჩიკაგოს საერთაშორისო გამოფენაზე, ბენტონ ჰარბორის Glass Gallery-ში...

„სხვათა შორის, ჩიკაგოში მინის ტექნოლოგიასაც გავეცანით მე და ია (მხატვარი ია გიგოშვილი, მისი მეუღლე). კარგი იქნება, თუ მხატვრული მინის წარმოება საქართველოში – ვაზისა და ღვინის ქვეყანაშიც დაინერგება. საერთოდ ვფიქრობ, რომ კერამიკის დარგს

მოვლა სჭირდება. თაობა, რომელმაც სამხატვრო აკადემიაში ცნობილ პედაგოგებთან (ალდე კაკაბაძესთან, რეზო იაშვილთან, დავით ციციშვილთან...) კერამიკის საიდუმლო შეისწავლა, 90-იანებში ამ დარგის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა: სწორედ მაშინ დაიხურა თბილისის ცნობილი მხატვრული კერამიკის კომბინატი, ძნელი მოსაპოვებელი გახდა მასალაც. ეს კრიზისი დღემდე გრძელდება. მთელი ამ წლების მანძილზე საზღვარგარეთ ვარ კერამიკის უორქშოფებსა და სიმპოზიუმებზე და, პარალელურად, ინტერიერების დიზაინითაც დავინტერესდი”, – გვიხსნის მხატვარი.

დღეს თბილისის კაფეებისა და პატარა სასტუმროების ინტერიერებშიც აღმოაჩენთ ოთარ ვეფხვაძის მიერ შექმნილ დიზაინს. საბოლოოდ, მისი ინტერესები ფოტოგრაფიაში, ფერწერაში, დიზაინში და კერამიკის პროფესიული ცოდნა ერთმანეთს გადაეჯაჭვა და ვეფხვაძის ორიგინალურ ხელწერაში შერეული სახით იჩინა თავი. თუმცა თბილისში ამ ტიპის დეკორატიული ნამუშევრების მომხმარებელი რატომღაც ნაკლებადაა. შესაბამისად, ამ ჟანრს გალერეებიც იშვიათად უთმობენ სივრცეებს.

მიუხედავად ამისა, სახელოსნოში ჩვენი სტუმრობიდან რამდენიმე დღეში, ამ უცნაურმა ნივთებმა საჯარო სივრცეში გადაინაცვლა: ლადო გუდიაშვილის საგამოფენო ცენტრი თავისი არსებობის ერთი წლის მანძილზე დიდი სიფრთხილით არჩევდა ავტორებსა და ნამუშევრებს. ცენტრის პირველი სართულის სივრცე ეთმობა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებს, მაგრამ ძირითადი საგამოფენო სივრცე, გუდიაშვილის ცნობილი „სატირული გრაფიკის” გამოფენის შემდეგ, მხოლოდ მაღალი კლასის ხელოვნებისთვის და განსაკუთრებული ექსპოზიციებისთვისაა განკუთვნილი. ამჯერად, ცენტრის არჩევანი ოთარ ვეფხვაძის კერამიკაზე შეჩერდა. ასე რომ, ადამიანისთავიანი ჩიტების, თევზების და სფინქსების კერამიკის ფიგურები, გუდიაშვილის საგამოფენო ცენტრის სივრცის უნიკალურ განათებაში კიდევ უფრო მითოსური იქნება.

გამოფენა 15 მაისს იხსნება და ერთ თვეს გასტანს.

კომენტარები