უკრაინა

გერმანელი პოლიტიკოსები ევროპის ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებენ?!

წინა კვირას გავრცელდა მოშიმშილე იულია ტიმოშენკოს სურათები, რომელზეც ნათლად ჩანს ყოფილი პრემიერმინისტრის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები. როგორც ტიმოშენკო ირწმუნება, მას ციხის დაცვის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლის, ვადიმ გორანის თქმით, სისხლჩაქცევებს მუცელში ჩარტყმასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ბლაგვ საგნებთან შეჯახებით არის გამოწვეული.

მიუხედავად უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებისა, გავრცელებულ ინფორმაციას საკმაოდ მკაცრი რეაქცია მოჰყვა გერმანიაში, სადაც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის (რომელსაც ამ ზაფხულს პოლონეთთან ერთად უკრაინა მასპინძლობს) ბოიკოტზეც კი ალაპარაკდნენ. გერმანულ გაზეთ Der Spiegel-ში კვირას გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია კანცლერ ანგელა მერკელის სურვილზე, გერმანიამ უარი თქვას ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

გერმანულმა ტაბლოიდურმა გამოცემა Bild-მა, გარემოს დაცვის მინისტრის, ნორბერტ როერტგენის სიტყვების ციტირება მოახდინა: „უკრაინის „დიქტატურამ” ევრო 2012 საკუთარი ინტერესებისთვის ვერ უნდა გამოიყენოს. სწორედ ამიტომ, იქ მინისტრებისა და პრემიერმინისტრების ვიზიტი, მიმდინარე პირობებიდან გამომდინარე, არც უნდა განიხილებოდეს”.

იმავე აზრზეა ოპოზიციაც – გერმანიის სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, ზიგმარ გაბრიელმა, ხელისუფლებას ასევე მოუწოდა ბოიკოტისკენ.

საინტერესოა ისიც, რომ ბოიკოტმა შეიძლება უფრო ფართო მასშტაბებიც შეიძინოს. ხუთშაბათს გერმანიის პრეზიდენტმა, იოახიმ გაუკმა გადადო ვიზიტი იალტაში. მსგავს ნაბიჯს მიმართა ჩეხეთის პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმაც, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში დაგეგმილ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერების სამიტში მონაწილეობაზე. კიდევ უფრო მკაცრი იყო ევროკავშირის იუსტიციის კომისარი, რომელმაც განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს, რადგან ადამიანის უფლებების შელახვაზე თვალს ვერასდროს დახუჭავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკოსთა გარდა, მსგავსმა ტენდენციამ სპორტულ სამყაროშიც იჩინა თავი. გერმანული საფეხბურთო კლუბის, მიუნხენის ბაიერნის მენეჯერმა ული ჰიონესმა, უეფას პრეზიდენტს მიშელ პლატინის უკრაინის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ამოღებისკენ მოუწოდა. ბოიკოტის შესახებ განაცხადა დორტმუნდის ბორუსიის ხელმძღვანელობამაც.

თუმცა როგორც უკრაინის სამთავრობო წრეებში აცხადებენ, მათ იმედი აქვთ, რომ ეს მხოლოდ პრესაში აგორებული სკანდალია და არა სერიოზული კრიზისი. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, ოლეგ ვოლოშინმა ინტერფაქსის უკრაინულ სააგენტოს განუცხადა, მათ არ სურთ იფიქრონ, რომ გერმანიის პოლიტიკურ ლიდერებს სურთ „ცივი ომის” დროინდელი მეთოდების გამოყენება და სპორტის პოლიტიკის ტყვეობაში მოქცევა.

ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ტიმოშენკოს ქალიშვილმა Frankfurter Allgemeinen Sonntagszeitung-ში გამოაქვეყნა ბერლინისადმი მიმართვა, სათაურით „გადაარჩინეთ სიცოცხლე”. მასში ევგენია ტიმოშენკო აღნიშნავს, რომ უკრაინის ბედი დედამისის მომავალზეა დამოკიდებული და თუ ტიმოშენკო ციხეში დაიღუპება, მასთან ერთად მოკვდება დემოკრატიაც.

უკრაინის მთავრობაზე ზეწოლისთვის ბოიკოტის გარდა სხვა ვარიანტებიც განიხილება. მაგალითად, გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, მიხაილ ვესპერმა, გერმანიის საერთაშორისო მაუწყებელთან (DW) ინტერვიუში აღნიშნა: „იმის ნაცვლად, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანები უბრალოდ გვერდზე გადგნენ, სჯობს უკრაინას ეწვიონ და ტიმოშენკო მოინახულონ”.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური მიზეზებით მსგავსი მასშტაბის სპორტული ღონისძიების ბოიკოტირება ხდება. ყველაზე გამორჩეული ალბათ მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბოიკოტი იყო. მაშინ, საბჭოთა კავშირის ავღანეთში ინტერვენციის საპასუხოდ, თითქმის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვა. პრობლემები შეიქმნა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზეც. შეგახსენებთ, ჩინეთის მთავრობამ ტიბეტში მიმდინარე საპროტესტო აქცია დაარბია, იყო მსხვერპლი და ამან პროტესტის ტალღა ააგორა.

რუსეთთან ენერგეტიკულ საკითხებზე მოლაპარაკებისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 52 წლის იულია ტიმოშენკოს 7 წელი აქვს მისჯილი. ის სასჯელს ხარკოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის და, მედიის ცნობით, დღემდე შიმშილობს.

 

კომენტარები