კანონში ცვლილება

რეგულაციები არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებისთვის

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილება მზადდება. მის მიხედვით, შეიქმნება საფონანსო სექტორის წარმომადგენლის ახალი ტიპი - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი. ამ სტატუსს მიიღებენ ის იურიდიული პირები, რომლებიც სახსრებს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისგან მოიზიდავენ, ან თუ მათ მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა 5 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ასეთი პირი ვალდებული იქნება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში,  დარეგისტრირდეს და ეროვნული ბანკის მიერ მისთვის დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
იმ შემთხვევაში თუ იურიდიული პირის მიერ მოზიდული სახსრები არ აღემატება 5 მილიონ ლარს ან თუ მას სახსრები ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისგან აქვს მიღებული, მაშინ, როგორც წესი, ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია არ მოეთხოვება. თუმცა, თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ამ პირის საქმიანობა, მოზიდული სახსრების რაოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი, საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ბანკში დარეგისტრირება მასაც მოუწევს.
კანონპროექტის მიხედვით, ეროვნულ ბანკს შეეძლება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება, მათთვის შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენა, შემოწმება, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ არასაბანკო საკრედიტო დაწესებულბების გაკონტროლების უფლება ეროვნულ ბანკს საფინანსო ბაზარზე რყევების პრევენციისა და მოსახლეობის დაცვისათვის სჭირდება.

კომენტარები