კანონში ცვლილება

გუბერნატორებს პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერმინისტრი დანიშნავს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ ცვლილების პროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, რეგიონებში გუბერნატორებს პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერმინისტრი დანიშნავს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განმარტებით, გუბერნატორები ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ მთავრობასთან და მათ პრემიერმინისტრი უნდა ნიშნავდეს.

„ცვლილების მიხედვით, გუბერნატორები უნდა დანიშნოს არა პრეზიდენტმა, არამედ პრემიერმინისტრმა. ამას საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება, ეს არის უბრალოდ საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც მთავრობა პარლამენტს გაუგზავნის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალ საპარლამენტო უმრავლესობას მერების, გამგებლებისა და გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევა შესთავაზა.  

მოქმედი კანონმდებლობით, გუბერნატორებს საქართველოს მხარეებში ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს.

კომენტარები