ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, კვლევის დამკვეთის მიმართ უნდობლობის გამოცხადება არასერიოზულია, ხოლო მაღალი ნდობა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ბევრად უსწრებს რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი პოლიტიკური ძალის მაჩვენებელს. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია, ამ კვლევიდან მიიღოს ინფორმაცია, თუ რა აწუხებს საზოგადოებას: „ეს ნდობა და მხარდაჭერა პასუხისმგებლობის ნიშანია. საზოგადოება ჩვენ გვენდობა, რათა მათი პრობლემები გადავწყვიტოთ,“ – ამბობს აკაკი მინაშვილი.
IRI-ის კვევას უნდობლობას უცხადებს კოალიცია „ქართული ოცნება“. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ მედიას განუცხადა, NDI და IRI ავტორიტეტული ორგანიზაციებია, მაგრამ საქართველოში კვლევის ჩასატარებლად ადგილობრივ კომპანიებს ქირაობენ - უნდობლობას სწორედ მათ მიერ მიღებული შედეგები იწვევს. "ქვეყანაში, სადაც ორ მილიონამდე ადამიანი იღებს ან ითხოვს სახელმწიფოსგან შემწეობას და სიღარიბის პროგრამაში ჩართვას, როგორ შეიძლება ეს ადამიანები მხარს უჭერდნენ ხელისუფლებას, კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ" - აცხადებს ფანჯიკიძე.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცესპიკერის ლევან ვეფხვაძის თქმით, ქდმ-ს მყარი პოზიცია აქვს და ამას გამოკითხულთა ერთი მესამედის პოზიტიური განწყობაც მოწმობს. ვეფხვაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ამომრჩეველი ხედავს მოძრაობის კონკრეტულ დაპირებებსა და კონკრეტულ შედეგებს.
შეგახსენებთ, რომ კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოების 45% საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. გამოკითხულთა 15% - "ქართულ ოცნებას", 9% – ”ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", ხოლო სხვა პარტიები 4% - ს ინაწილებენ.




