სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების სამინისტრო დელიანიძის გარდაცვალების შესახებ

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  სამინისტრომ გლდანის დაწესებულების საავადმყოფოში პატიმარ ზურაბ დელიანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. გთავაზობთ უცვლელად განცხადების ტექსტს:

”საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსჯავრდებულ ზ.დელიანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

მსჯავრდებული ზ.დელიანიძე 2011 წლის 13 დეკემბერს გასამართლებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნახევარი კილოგრამი მარიხუანას უკანონო შეძენა/ შენახვა), რისთვისაც მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებული ზ.დელიანიძე, შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და დაეწყო ინტენსიური მკურნალობის კურსი, მაგრამ სამწუხაროდ მიმდინარე წლის 1 მაისს დადგა პაციენტის ლეტალური შედეგი.

კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, სამინისტროს არ სურდა დეტალური ინფორმაციის გავრცელება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს ცნობილი გახადოს ზოგიერთი დეტალი: მსჯავრდებული ავადმყოფობდა ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით და მას სამედიცინო დეპარტამენტის მედპერსონალის მიერ ყოველგვარი შესაძლებელი მკურნალობა უტარდებოდა.

მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 1 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის გარდაცვალების შემთხვევაში, მყისიერად დაიწყო გამოძიება და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ გარდაცვალების ფაქტი საჭიროებს დეტალურ შესწავლას, თუმცა წინასწარი ვარაუდით, შესაძლებელია, რომ გარდაცვლილ მსჯავრდებულს, ავადობით გამოწვეული ნაწოლები და გვამური ლაქები აღენიშნება.

ზემოაღნიშნულის შესწავლა შესაძლებელია მოითხოვოს და განახორციელოს ასევე გარდაცვლილის ოჯახმა ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის გზით.

სამინისტრო, თავის მხრივ მას მერე რაც დასრულდება გამოძიება ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ამცნობს საზოგადოებას მსჯავრდებულ ზ.დელიანიძის გარდაცვალების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო მოუწოდებს მასმედიის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ წინასწარი შეფასებებითა და პროგნოზებით.

სამინისტრო მზადაა თანამშრომლობისათვის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან და ღიაა იმისათვის, რო ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი.”

 

კომენტარები