წიგნები

2015 წელს გერმანიაში ჰიტლერის წიგნს გამოსცემენ

ბავარიის მთავრობა 2015 წლისთვის ადოლფ ჰიტლერის წიგნის „ჩემი ბრძოლა“ (“Mein Kampf”) ორიგინალის გამოცემას აპირებს. იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში ნაწარმოები აკრძალული არ ყოფილა, ქვეყანაში ჰიტლერის წიგნი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაბეჭდილა.

ბავარიის ხელისუფლების განცხადებით, აქამდე არ არსებობდა საჭიროება, „Mein Kampf“ ფართო საზოგადოებისათვის წარედგინათ. BBC - ის ინფორმაციით, ფედერალურ მხარეს სწორედ 2015 წელს ეწურება ნაწარმოებზე საავტორო უფლებები, როდესაც ჰიტლერის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდება.

გამოცემის ცნობით, წიგნი გადამუშავდება, რათა იგი უნივერსიტეტებში სახელძღვანელოდ შეიტანონ. „Mein Kampf“ - ს ისტორიკოსების კომენტარებიც დაერთვება.

„ჩემი ბრძოლა“ ჰიტლერმა 1924 წელს დაწერა, როდესაც ციხეში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა. ნაწარმოებში იგი საკუთარი თავის შესახებ ყვება, მკითხველს პოლიტიკური და რასისტული იდეების შესახებ მოუთხრობს, რომლებიც მოგვიანებით ნაცისტური იდეოლოგიის საფუძვლად იქცნენ.

ბავარიის ეკონომიკის მინისტრის, მარკუს სედერის განცხადებით, ჰიტლერის ნაწარმოების გამოცემა მიზნად ისახავს „Mein Kampf“ - ის შესახებ „მითის გაქარწყლებას.“

„ჩვენი სურვილია, საზოგადოებამ დაინახოს, თუ რამდენად აბსურდულია ეს წიგნი. გვინდა ხალხს ვაჩვენოთ, თუ რა კატასტროფამდე მიიყვანა მსოფლიო ამ ნაწარმოებში აღწერილმა საშიშმა იდეებმა.“ - განაცხადა სედერმა.

კომენტარები