დღეს პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” დეკლარაცია, დამფუძნებელ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა წაიკითხა. ტექსტის პირველი ნაწილი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ხოლო მეორე ნაწილში, საპირწონედ ”ქართული ოცნების” ამოცანები, ქვეყნის მართვის პრინციპები და პრიორიტეტებია ჩამოყალიბებული. დეკლარაციას ასრულებს დალოცვა - ”გვფარავდეს უფალი!”
ივანიშვილის პარტიის იდეოლოგია, დეკლარაციის მიხედვით ეფუძნება ”ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებს, სოციალური სოლიდარობისა და სამართლიანობის პინციპებს”
დოკუმენტში ვრცელი ადგილი ეთმობა საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. ივანიშვილი აცხადებს, რომ ”სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს, როგორც კერძო ფერმერული მეორუნეობების განვითარებას, ასევე გლეხური მეურნეობების კოოპერირებას” ამ მხრივ, ის საგანგებო ყურადღებასა და მხარდაჭერას კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის წინადადებას უცხადებს. ივანიშვილი აპირებს შემოიღოს ”დაუბეგრავი მინიმუმი”, ეს ნიშნავს, რომ გაუქმდება 20%–იან საშემოსავლო გადასახადი მათთვის, ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმს უტოლდება. ივანიშვილი ამბობს, რომ ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული „საბაზისო პაკეტით, რომელიც იქნება უფრო ფართო, ვიდრე ხელისუფლება სთავაზობს ყოველ მეორეს“.
ივანიშვილი საზოგადოების ქვეყნის მართვაში მაქსიმალურ ჩართულობასაც უჭერს მხარს. ამისთვის ის მიიჩნევს, რომ - ”მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვაში ოპოზიციური ელექტორატის წარმომადგენელთა აქტიური ჩართვა. ისინი უნდა წარმოადგენდნენ საბიუჯეტო შემოსავლების ხარჯვისა და სახელმწიფო ქონების განკარგვის მაკონტროლირებელ უწყებათა სააგენტოების საქმიანობას.” კონკრეტულად რას ნიშნავს მოცემული ინიციატივა, დეკლარაციის ტექსტი არ საუბრობს.
ივიანიშვილი ამბობს, რომ ”საქართველო იქცა დასავლეთისაგან მიღებული პოლიტიკური და მატერიალური დახმარების უპასუხისმგებლო მომხმარებლად”. საგარეო ურთიერთობების ორიენტირად მართალია მისი პარტია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას აცხადებს, მაგრამ ”ქართული ოცნებისთვის” - ”არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება და ურთიერთობების ნორმალიზაცია რუსეთთან”.
პარტია ოპოზიციური ძალების ერთიანობის გამყარებას ”ქართულო ოცნების” ფარგლებში შეეცდება. ასევე ”ინტენსიურად ითანამშრომლებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იზიარებენ კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ ხედვებს”




