”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) პატიმართა სასჯელის გადავადებისა და გათავისუფლების საკითხების კომისიას არაეფექტურ საქმიანობაში ადანაშაულებს. ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს 2 პატიმრის ისტორიაზე, რომელთა მიმართაც არ დააკმაყოფილეს სასჯელის გადავადების თხოვნა. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ცნობით, ორივე პატიმარი ციხეში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
საია საკუთარ განცხადებაში განმარტავს, რომ 2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა ალექსანდრე დადიანი. განცხადების თანახმად, სამედიცინო ცნობაში გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია ტუბინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში კი მითითებულია: ,,ა. დადიანს აღენიშნება მძიმე ფტიზიატრიული პათოლოგია, ხოლო ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ არის.”
”მიუხედავად იმისა, რომ, დასკვნის თანახმად, დადიანი ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ იყო, მხოლოდ მძიმე ფტიზიატრიული დაავადება სასჯელის მოხდის გადავადების საფუძველს წარმოადგენს. სასჯელის გადავადების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.”- ნათქვამია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცახდებაში, იქვე განმარტებულია, რომ საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ,,უსაფუძვლობის გამო” არ დაკმაყოფილდა დადიანის შუამდგომლობა სასჯელის შემდგომი მოხდის გადავადების შესახებ, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. ”ადვოკატმა საჩივარში აღნიშნა, რომ მსჯავრდებული დადიანი დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდებოდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.”
სააგენტო News.ge-ს ცნობით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საიას წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა ხსენებულ ფაქტზე და ასევე , მეორე შემთხვევაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მუდმივმოქმედ კომისიას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია ოთარ ხაბელაშვილის საქმეზეც, რომელიც მძიმედ იყო დაავადებული ტუბერკულოზით და 2012 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა.
”ვფიქრობთ, რომ კომისიის ქმედება არათუ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ შესაძლოა, რიგი შემთხვევები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ფაქტებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს,“ - მოჰყავს News.ge-ს ჩუგოშვილის ნათქვამი.




