საია

პირის ქვეყანაში შემოსვლაზე უკანონო უარის გამო შსს-ს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა – საია

შინაგან საქმეთა სამინისტრო
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს არ მიეცა საქართველოში შემოსვლის უფლება და სამინისტროს პირისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

საიას ცნობით, მოსარჩელე, რომელსაც გერმანიაში ჰქონდა ბინადრობის ნებართვა, 2020 წლის 20 დეკემბერს გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა ტრანზიტულად, თურქეთის გავლით, მას აეროპორტში განუმარტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, არ ჰქონდა ქვეყანაში შემოსვლის უფლება, რის გამოც მოუწია უკან გაბრუნება.

"ამ პერიოდში, კოვიდ პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში მოქმედებდა საერთაშორისო მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, საკითხის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებდა კონკრეტული ქვეყნებიდან შემოსვლის შესაძლებლობას, მათ შორის გერმანიიდან. თუმცა, სასამართლოში სადავო გახდა, რამდენად გულისხმობდა კონკრეტული ქვეყნებიდან შემოსვლა ტრანზიტულად, მესამე ქვეყნის გამოყენებით შემოსვლას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ნორმაში მოსარჩელის ჩამოსვლის მეორე დღესვე შევიდა ცვლილება და დაემატა ტრანზიტულად შემოსვლის შესაძლებლობაც.

სასამართლომ განმარტა, რომ როგორც კანონის, ისე, კანონქვემდებარე აქტის ნორმის განმარტება უნდა მოხდეს არა მხოლოდ გრამატიკულად, არამედ, სისტემურად და გათვალისწინებული უნდა იყოს კანონმდებლის მიზანი. სასამართლომ, სხვა ნორმებთან ურთიერთკავშირის შესწავლის გზით დაასკვნა, რომ ამ შემთხვევაში, კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენდა ტრანზიტული ქვეყნის გამოყენებით ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვა. შესაბამისად, გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან ერთად, სრულად დააკმაყოფილა სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში". - ნათქვამია განცხადებაში.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავდა.

კომენტარები