განათლების სამინისტრო

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2012 წლის 17 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით პირველკლასელების  რეგისტრაცია  დაიწყო, რაც ინტერნეტის მეშვეობით ხორციელდება.  მანამდე, 2 აპრილიდან 17 აპრილამდე, პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია მხოლოდ იმ სკოლებში იყო შესაძლებელი, სადაც მათი დები ან ძმები სწავლობენ  ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

ინტერნეტის მეშვეობით პირველკლასელთა  რეგისტრაცია   წელს პირველად ხდება.  ბავშვის  რეგისტრაციისთვის  მშობელს მხოლოდ პირადი მონაცემის შევსება სჭირდება, რაც რამდენიმე წუთს მოითხოვს. სპეციალური აპლიკაცია შემდეგ საიტზეა განთავსებული - www.mes.gov.ge. მშობლებს სკოლის არჩევაში e-catalog-ი(www.catalog.edu.ge) დაეხმარებათ, სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული. ონლაინრეგისტრაციისათვის მშობელი შემდეგ ფორმას ავსებს: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და მას შემდეგ რაც სისტემა დაუდასტურებს რეგისტრაციას, ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს.

მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. შეტყობინებას ჩარიცხვის შესახებ, ის სმს-ის საშუალებითაც მიიღებს.

მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ. ონლაინ რეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლები პირველკლასელთა მიღებას ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებენ.

რეგისტრაციის პროცესი არის თავისუფალი, ნებისმიერ მშობელს მოსწავლე მისთვის სასურველ სკოლაში შეუძლია დაარეგისტრიროს. პირველკლასელთა სასურველ სკოლაში ონლაინრეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ყველა დარეგისტრირებული ბავშვი 15 სექტემბერს პრეზიდენტისაგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს ”ბუკს” მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანა მშობელს შეუძლია 5 წლის ასაკიდან. პროცესი ნებაყოფლობითია და მშობელი თავად აკეთებს არჩევანს.

 

კომენტარები