შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ავტო-საგზაო მიმართულებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კვლევის შედეგები და სტატისტიკური მონაცემები მართვის მოწმობათა გაცემის შესახებ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სტატისტიკური კვლევის შედეგები ეყრდნობა 2011 წლის, ხოლო მართვის მოწმობათა ანალიზი 2007-2011წლების მონაცემებს.
კვლევების თანახმად, საქართველოში მართვის მოწმობის აღების მსურველთა შორის სულ უფრო იზრდება ქალთა ხვედრითი წილი. მამაკაცი მძღოლების უმრავლესობა 26 წლამდე ასაკში იღებს მართვის მოწმობას, ქალების თითქმის ნახევარი კი 21 - დან 30 წლამდე ასაკში.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების თვალსაზრისით მამაკაცები ლიდერობენ. გამოცდის პრაქტიკულ ნაწილს მათი უმრავლესობა 1-2 ცდიდან აბარებს, მაშინ, როცა ქალების 45%-ს, 4 და მეტი ცდა სჭირდება წარმატებისთვის. ქალების მხოლოდ 18% აბარებს პრაქტიკულ გამოცდას პირველივე ცდიდან.
საინტერესოა პირველადი მართვის მოწმობების გაცემის განაწილება რეგიონების მიხედვით. მთელი რაოდენობის 1/3 მოდის ქ. თბილისის მოსახლეობაზე, მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი 16%-ით. ყველაზე ნაკლები აქტივობით რაჭა-ლეჩხუმის მაცხოვრებლები გამოირჩევიან, მათი წილი მხოლოდ 0.6%-ს შეადგენს.
ავტოსაგზაო შემთვევათა სტატისტიკის მიხედვით, პირველადი მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მძღოლების დაახლოებით მესამედი (36%) ხდება ავტოსაგზაო შემთვევის მონაწილე. სტაჟის ყოველი წლის მატებასთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილეობის ალბათობა კლებულობს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რაოდენობის მხრივ, როგორც აბსოლუტური, ასევე ხვედრითი წილის მიხედვით "ლიდერობს" თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. ამ მხრივ ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
ყველაზე გავრცელებული დარღვევებია - სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა ან მობილურით სარგებლობის წესების დარღვევა და სიმთვრალე.
შსს აღნიშნავს, რომ ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომები მინიმალურია იმერეთის რეგიონში, რაც ჩქაროსნულ ტრასებზე ამ მიმართულებით გაძლიერებული ადმინისტრირების ეფექტიანობას უკავშირდება.




