”საბჭოთა იდეოლოგია და მისი ბელადები არსებობდნენ და მათ ისტორიის წიგნიდან ვერ ამოვხევთ. სტალინის მუზეუმი სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთდება. ამაზე მუშაობა დაიწყება რამდენიმე საათში. აქ დამთვალიერებლები გაეცნობიან სტალინისტური და ლენინისტური რეჟიმის დროს მომხდარ მართალ ფაქტებს. ასევე გაიგებენ, რომ სტალინის მმართველობამ ათეული მილიონობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. ეს იქნება მუზეუმი საბჭოთა ისტორიაზე,“- განაცხადა დღეს გორში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ. მან იქ სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთების ინიციატივა წარმოადგინა. იქვე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დეპუტატ გიორგი კანდელაკის განმარტებით, ხელისუფლებამ გორში სტალინის მუზეუმისთვის სახელწოდების შეცვლა რამდენიმე მიზეზით გადაწყვიტა: ერთია ის, რომ საქართველო დღეს იმყოფება ტრანსფორმაციის რეჟიმში, ეს ტრანსფორმაცია კი ვერ მოხდება თუ არ მოხდება ისტორიის ყველაზე ბნელი ფურცლების საფუძვლიანი გადახედვა, მეორე: საქართველოში ცოტა ვინმე თუ აცნობიერებს ზიანის იმ მასშტაბს, რომელიც იოსებ სტალინის რეპრესიებმა მოიტანა, ისიც ცოტას ახსოვს, რომ ეს პიროვნება იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის იდეის ავტორი და მესამე - ჯერ კიდევ არ არსებობს მსოფლიოში მუზეუმი, რომელიც ობიექტურად მოუთხრობდა ხალხს ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ.
გორში სტალინის მუზეუმს სახელწოდება შეეცვალა, დღეიდან ის სტალინიზმის მუზეუმია.




