აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ შეიარაღებული დაჯგუფების 17 წევრი დააკავა. ოფიციალური ვერსიით, დაჯგუფება ტერაქტებითა და დივერსიული ქმედებებით სამოქალაქო არეულობის გამოწვევას გეგმავდა.
ბაქოში, განჯას, სუმგაიტსა და რამდენიმე სხვა რაიონში განხორციელებული სპეცოპერაციების დროს, დაჯგუფების კუთვნილი სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები, დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობა, ამასთან ერთად, ჯიჰადისა და ტერორიზმის პროპაგანდისტული ლიტერატურა აღმოაჩინეს.
ქალაქ განჯაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჯგუფებამ სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც სამი სპეცრაზმელი დაშავდა, ხოლო ერთი დაიღუპა.
ამ დაჯგუფების წევრები, სავარაუდოდ, ირანის სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებდნენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ოცზე მეტი მოქალაქე დააკავეს, რომლბიც ირანის დაკვეთით ტერაქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი.




